გიორგი გახარია - საკარანტინო ზონების იდეა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა
გიორგი გახარია - საკარანტინო ზონების იდეა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული 2-თვიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას საკარანტინო ზონების საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, საკარანტინო ზონების იდეა საქართველოს ტირიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა და მან გაამართლა.

პრემიერის განმარტებით, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა.

„არ შემიძლია, არ შევეხო საკარანტინო ზონებს და ამ ნაწილში მინდა, ეკონომიკის სამინისტროს უაღრესად დიდი მადლობა გადავუხადიო, ეს იყო იდეა, რომელიც დაიბადა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში, როდესაც ჩვენ ელემენტარულად ვნახეთ, რომ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ხდებოდა, უზარმაზარი რისკი. შეიძლება დაგვავიწყდა, რადგან ეს ადამიანები უკვე გამოჯანმრთელდნენ და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ, გვახსოვს იტალიიდან შემოსული ინფიცირების რაოდენობა და იქ რამდენიმე მსხვილი კლასტერი, საფრანგეთიდან, აშშ-დან, ესპანეთიდან, ეს ხალხი ყველა დღეს თავისი, ნორმალური, ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს იყო დამსახურება პირველ რიგში ექიმების. მაგრამ ეს კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და სწრაფი და რაღაც გაურკვეველი ტესტების პირობებში უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მივიღეთ გადაწყვეტილება საკარანტინო ზონების შექმნის, როგორც ბუფერის. ამ ვირუსს აქვს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანზიაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, როგორ გახსნას საერთოდ ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, საქართველოში საკარანტინო ზონები 22 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა და ამჟამად ამ სივრცეებში 4 000-მდე პირი იმყოფება.

„ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოდის საკარანტინო ზოინიდან ისე, თუ არ ჩაუტარდა მას „პისიარ“ ტესტირება. ბოლო სამი თვის შრომის შედეგია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ახალი ინფიცირებული შემთხვევები ძირითადად მოგვდის საკარანტინო სივრცეებიდან, რადგან ადამიანები, რომლებიც თავის სამშობლოში ბრუნდებიან, თავისით სახმელეთო საზღვრებით ან საჰაერო საზღვრით  სახელმწიფოს დახმარებით, არიან კომფორტულ პირობებში საკარანტინო ზონებში, რომლის დატოვების შემდეგ, უტარდებათ შესაბამისი ტესტირება და თუ საჭიროა ხდება, მათი მკურნალობა. ამიტომ საკარანტინო ზონების შექმნა იყო ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი და სწორი ნაბიჯი, რაც ახლავე მინდა, ვაღიარო, იყო ის შესაძლებლობა, რომლებმაც ჩვენ მოგვცა შანსი, ამ გაურკვეველ პირობებში, სწრაფი ტესტირების ეფექტურობის, არაეფექტურობის, მათი შეძენის, მსოფლიოში უამრავი რიგების, გაურკვეველი ათასი შარლატანის გამოჩენის, რომელიც ტესტირებას სთავაზობდა მთავრობას, როგორც სამინისტროების, დეპუტატების და კიდევ ცალკე ბიზნესმენების დონეზე, ჩვენ ამაზე გააზრებულად ვთქვით უარი, რადგან გვქონდა მაღალი სტანდარტი „პისიარ“ ტესტირების და გვქონდა ეფექტურად მომუშავე საკარანტინო ზონები“,- დასძინა გახარიამ.