საკარანტინო ზონებში დღეიდან მოხალისეთა დამატებითი ჯგუფები იმუშავებენ

12:45, 24.03.2020

საკარანტინო ზონებში დღეიდან მოხალისეთა დამატებითი ჯგუფები იმუშავებენ.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიას ქვემო ქართლის გუბერნატორმა მიაწოდა.

მარნეულში 40, ხოლო ბოლნისში 15-კაციანი ჯგუფი მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს.

ისინი კარდაკარ ივლიან და ადგილობრივების ჯანმრთელობის მდომარეობას გააკონტროლებენ.

შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, ერთგვარი გარდატეხა მოხდა – მოსახლეობა გაცილებით მობილიზებულია, არ გამოდიან ქუჩებში და სამართალდამცველებს ემორჩილებიან.

აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიაც.

დღეს საკარანტინო ზონებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებიც ჩავლენ და სამ – ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაბეჭდილ საინფორმაციო ფურცლებს ჩაიტანენ, რომლებიც მოსახლეობაში დარიგდება.

რაც შეეხება ე.წ. საგუშაგოებს, სამართალდამცველები პერიმეტრს უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებენ.

მსგავსი