არასრულწლოვანთა საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს
არასრულწლოვანთა საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე სამინისტროებმა უწყებებში არსებული პრობლემები და მათი მოგვარების კონკრეტული გზები უნდა წარადგინონ, რომელიც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით უწყებებში რამდენიმე მიმართულებით რეფორმების ძირეული გატარება მოხდება.

„ყველასთვის ნათელია, ჩვენ აქ ვიმყოფებით მარტო იმის გამო, რომ სისტემა არის პრაქტიკულად ჩამონგრეული, ყველა უწყებას ვგულისხმობ, არა მხოლოდ შსს-ს და იდეაში არის უკანასკნელი იმედი, რომ რეალურად გაჯანსაღდეს ის სიტუაცია, რაც არის.  ჩვენი მოლოდინია, რომ დღეს იქნება რეალისტური გეგმა მოტანილი უწყებების მხრიდან, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, შსს, განათლების სამინისტრო და იმედი მაქვს, რომ არა მხოლოდ ესენი, რადგან იუსტიციის სამინისტროს და პარლამენტის როლია ძალიან მნიშვნელოვანი. მოვისმენთ, რას აპირებენ. მივხვდებით პრინციპში გააზრებული აქვთ თუ არა, როგორ კრიზისშია სისტემა და შევძლებთ, შევაფასოთ შემოთავაზებული ცვლილებები, რომელიც უწყებებს ცალ-ცალკე უნდა ჰქონდეთ მომზადებული, ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ნამდვილად მოხდება თუ არა სისტემის გაჯანსაღება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი ხედვა“,- განაცხადა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” წარმომადგენელმა ანა აბაშიძემ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა, დღეს განათლების სამინისტრო წარადგენს პრეზენტაციას ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე.

„იქნება აქცენტი გაკეთებული ბავშვის ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაზე, პრევენციაზე. ასევე გვექნება საუბარი უწყებათაშორის თანამშრომლობაზე. პრეზენტაციის შემდეგ ჩვენც მოვისმენთ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კომენტარებს, რაც ასევე იქნება ასახული სამომავლო დოკუმენტში.

ძირითადი მიმართულება არის მშობელთა განათლება, სკოლების გაძლიერება, არაფორმალური განათლება უსაფრთხოების მიმართულებით, დოკუმენტების გამართვა, სხვადასხვა ინსტიტუციების გაძლიერება, მანდატურის სამსახურისა და ფსიქოლოგიური სხვადასხვა სერვისის განვითარება და არსებულის გაძლიერება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ახალი სერვისების გაჩენაც“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.