მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება
მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. მთავრობა ე.წ. მცირე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს. ცვლილების დასამტკიცებლად დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე ოთხშაბათს შეიკრიბებიან.

ინიციატივის თანახმად, 14 მინისტრთა კაბინეტიდან ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება. აღმასრულებელ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მცირე მთავრობის კონცეფცია მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება.

კვლავ უცნობია თუ ვინ ჩაიბარებს მინისტრთა პორტფელებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დეპუტატები მომავალ კვირას რიგგარეშე სესიაზე უკვე მთავრობის ნდობის გამოსაცხადებლად შეიკრიბებიან.

„დღეს, 15:00 საათზე ბიუროს სხდომაზე განვიხილავთ შემოტანილ პროექტს სამთავრობო ცვლილებებზე და ოთხშაბათს უკვე რიგგარეშე სესიაზე გავემგზავრებით ქუთაისში. დაიწყება განხილვა. რიგგარეშე მოგვიწევს შემდეგ კვირაშიც, როცა უკვე მთავრობას უნდა გამოვუცხადოთ ნდობა, მას მერე, რაც ამ სტრუქტურულ ცვლილებებს დავამტკიცებთ. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ რა საჭიროა ეს სტრუქტურული ცვლილებები, საიდან იზოგება ხარჯები და ყველაფერი ამ დროს ძალიან ნათელია. რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა დარგს ეყოლება თავისი ხელმძღვანელი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცვლილებების თანახმად, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება. უქმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, რომლის ფუნქციებიც იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა. აღარ იარსებებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროც. ამ უწყების უფლებამოვალეობები ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს გადაუნაწილდებათ. სამთავრობო სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები სივრცითი განვითარების მიმართულებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.