ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ” კანონში შედის, რომლის ავტორი მთავრობაა.

კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი, იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

პროექტით კონკრეტდება, რომ საბჭოს აპარატის საქმიანობის ადმინისტრირება პოლიტიკურად ნეიტრალურმა თანამდებობის პირმა, აპარატის უფროსმა უნდა უზრუნველყოს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.

„საბჭო მუდმივ წევრებად იმ თანამდებობის პირების განსაზღვრა იგეგმება, რომლებსაც პირდაპირი/ირიბი შეხება ექნებათ უსაფრთხოების საკითხებთან, თუმცა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეული იყვნენ სხვა პირებიც, მაგალითად, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ა.შ.”, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო არის პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერაციულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.

„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა”, – ნათქვამია პროექტში.

ინიციატივის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა კრიზისული ვითარების მართვას ეროვნული სიტუაციების ოთახის მეშვეობით ახორციელებს, რომელიც სპეციალური ტექნიკით აღჭურვილ პუნქტს წარმოადგენს.

„დღეს, ეროვნულ სიტუაციების ოთხას იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით, თუმცა ცვლილებების მიზანია, რომ ის არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების, არამედ სხვა კრიზისული ვითარების სტრატეგიულ დონეზე მართვის ინსტრუმენტად იყოს გამოყენებული”, – ნათქვამია პროექტში.