ნიკა გვარამია - მორჩეს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას, არ შეიძლება, ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს და ამბობდე, რომ ყველას მსხვერპლი ხარ ერთდროულად
ნიკა გვარამია - მორჩეს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას, არ შეიძლება, ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს და ამბობდე, რომ ყველას მსხვერპლი ხარ ერთდროულად

მორჩეს „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი თავისგან მსხვერპლის ძერწვას, ისედაც უმძიმესი გამოცდები გაიარა ამ პარტიამ. კიდევ დამატება იმის, რომ ესეც მე მებრძვის, არის სისუსტის დემონსტრაცია. არ შეიძლება, ხელისუფლების შეცვლა გინდოდეს და ამბობდე, რომ ყველას მსხვერპლი ხარ ერთდროულად, ასე არ ხდება, – ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

ამასთან, გვარამიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციურ ალიანსშია“ წარმოდგენილი, თუმცა ალიანსთან სააკაშვილს ალაპარაკებს წერილებით.

„მე არ ველაპარაკები ხალხს ჩემი წერილებით, სააკაშვილს რომ ალაპარაკებს ჩვენთან „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როცა თავად იქ ზის. შეიძლება, რომ პარტია ყველაფერს ხმას აძლევდეს და შემდეგ, მეორე დღეს მისი ლიდერისგან ვიგებდეთ პირიქით, ასე არ ვარგაო. აბა, ის პარტია იქ რატომ ზის, ამიხსნას, თუ მიშამ უნდა წეროს ყველაფერი? „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ რისთვის არის, თუ მიშა სააკაშვილმა უნდა ილაპარაკოს მაინც?“ – განაცხადა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

ამავდროულად, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვე-ნახევარია, „ოპოზიციური ალიანსის“ მუშაობაში არ მონაწილეობს.

„პარტია, რომელიც არცერთ სხდომაზე არ დადის ბოლო თვე-ნახევარია, მონაწილეობას არ იღებს არცერთი გადაწყვეტილების მიღებაში, 26 მაისის მიტინგთან დაკავშირებით ფეხი არ გადაუდგამს, გარდა იმისა, რომ სცენაზე გამოსვლა მოითხოვა ბოლო მომენტში და მეორე დღიდანვე, დიდი აქცია როგორც კი დაინახა, შეტევის ერთადერთი ობიექტი გავხდით, არის თუ არა წევრი, ახლა თქვენ მიპასუხეთ?

თავდასხმა იყო ჩვენი პარტიის საშუალო და დაბალ რგოლებზე. ეს არ არის ჩემთვის მოსათმენი. ჩემთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ არის, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა ტერმინოლოგიითაც, როგორიც არის, მაგალითად, ქათამი, ნიკუტა და ა.შ. მიშამ თუ არ იცის, აქედანაც მოისმინოს, მინდა, რომ იცოდეს“, – აღნიშნა გვარამიამ.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობთ ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობის“ გარიცხვაზე, გვარამიამ უპასუხა: „არც ვფიქრობ, რომ ამაზე მსჯელობა დავიწყო. ჯერ ერთი, როგორ უნდა იმსჯელო იმაზე, რაც რელევანტურიც არ  არის, ეს ხალხი არ არის. და ის, რომ  მიტინგზე გამოსულიყვნენ, სხვათა შორის, არ იყო მარტივი ამბავი, სამართლიანად არ იყო მარტივი ამბავი, რადგან ამ ხალხს მონაწილეობა არ მიუღია არაფერში, ბოლოს მიშას პლაკატით მოსვლა და დადგომა წინა რიგში – ეს არ არის მიტინგში მონაწილეობა. რატომ დადგნენ, იცით? მიშამ რომ დაინახოს და არ უთხრას შემდეგ, სად ხართ, რას აკეთებთ, რატომ არ არსებობთო“.

ნიკა გვარამიამ ისაუბრა ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც. კითხვაზე, – „ნიკა მელია როცა გამოვა პატიმრობიდან, თქვენ და მელია ისევ ერთად იქნებით?“, – გვარამიამ აღნიშნა, რომ დაშვებით ყველაფერს უშვებს, თუმცა დღეს არაფერი აძლევს იმის წინაპირობას, რომ ერთად არ იქნებიან.

„არაფერი მაძლევს იმის თქმის წინაპირობას, რომ ეს ასე არ იქნება. დაშვებით ყველაფერს ვუშვებ, რა თქმა უნდა. ძალიან სწრაფად განვითარებადია პოლიტიკა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან განსხვავებული კონფიგურაციაა ახლა პოლიტიკაში და ეს ცხადია, გემოვნების საკითხებამდეც დავიდა. ბუნებრივია, რომ აქამდე დავიდა, მაგრამ იმაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ კაცს არ დავკარგავ ემოციურად, იმას არ ვაკადრებ არასდროს, რაც წავიკითხე ამ დღეებში, მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა თუ თავმჯდომარე რომ იყო, მასთან ერთად მომუშავეებმა დაწერეს. დანამდვილებით ვიცი, ეს რომ არ მოხდება, რომც გავიყოთ, ჩემს მხარეს ვინც იქნება, ამას რომ არ დაწერს ნიკა მელიაზე და მის მხარეს რომ იქნება, ამას არ დაწერს ჩემზე. რომ არ დაგიმალოთ, ყველაზე უფრო ღირებული ეს არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, გვარამიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანა წითლიძესთან დაკავშირებით აღნიშნა: „რაც მოხდა, იმას გიყვებით, რაც არ მომხდარა, იმას ჰყვებოდა თქვენი რესპოდენტი ცოტა ხნის წინ – სამარცხვინო ტყუილებს. თურმე მე ვიღაცაზე გავაკეთე კაპიტალიზაცია. არა, მე დღე და ღამე მუშაობით მივაღწიე ძალიან ბევრ რამეს. სააკაშვილმა გზა გამიხსნა ძალიან ბევრ რაღაცაში, მაგრამ აქ ვინც იყო, იმასაც და სხვებსაც გაუხსნა გზა და ფურთხების და ბირჟაზე მჯდომი, „სემიჩკის“ მჭამელი პოლიტიკოსის რანგს ვერ გასცდა ვერანაირად ასეთი ხალხი“.