მთავრობამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებები და ე.წ. ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის წესი დაამტკიცა
მთავრობამ სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილებები და ე.წ. ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის წესი დაამტკიცა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება.

თურნავას განმარტებით, საუბარი ეხება კომპანიებს, რომლებმაც სხვადასხვა პირობით შეიძინეს სახელმწიფო ქონება.

მინისტრის განმარტებით, ბევრ კომპანიას, რომელსაც ქონება აუქციონის გზით აქვს შეძენილი, პანდემიის გამო პრობლემა შეექმნა და ცვლილებები საშუალებას მისცემთ, შეღავათები მათაც დაუწესდეთ.

„მათ ვერ შეძლეს დროულად საფასურის გადახდა, საინვესტიციო პირობების შესრულება, ხოლო მათ, ვინც აუქციონით, იჯარით აიღეს ეს ქონება, დაუგროვდათ გადაუხდელი საიჯარო გადასახადი. დღემდე არსებობს იურიდიული პრობლემა, რომ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სახელწიფოდან იძენენ ქონებას პირდაპირი გადაცემის წესით, ჩვენ ვაკეთებთ ამ შეღავათს, მაგრამ საკანონმდებლო ჩანაწერის გამო, ამას ვერ ვაკეთებდით მათთვის, ვინც ამ ქონებას იძენდნენ ან იღებდნენ იჯარით აუქციონის გზით.

ცვლილების შედეგად, ჩვენ თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ სახელმწიფო ქონების ყველანაირი წესით მყიდველ კომპანიებს – იჯარით ამღებ ან მყიდველ კომპანიებს. თუ დაასაბუთებენ, რომ პანდემიამ ისინი დააზარალა, ყველას მიეცემა საშუალება, რომ მთავრობამ თითოეულზე იმსჯელოს, მიიღოს გადაწყვეტილება, გადაუვადოს გადასახადები, აპატიოს პირგასამტეხლოები, გადაუვადოს საიჯარო ქირა. მიმართვის საფუძლევზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დღესდღეობით ჩვენთან უკვე არის 109 მცირე და საშუალო კომპანია. საკმაოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ და ამ რთულ პერიოდში ბზინესისთვის დიდი დახმარება იქნება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა ისაუბრა ე.წ. ტექნოლოგიების გადაცემის ახალ პროგრამაზე.

„ე.წ. ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის წესი ჩვენ დავამტკიცეთ, საქმე ეხება სამეცნიერო გამოკვლევებს და გამოგონებებს, რომელიც ქართველ მეცნიერებს აქვთ დამუშავებული სხვადასხვა ქართულ სამეცნიერო ინსტიტუტში, უნივერსიტეტშ. ჩვენ – სახელმწიფო, ჩვენი ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით დავეხმარებით ამ გამოგონენების, ამ ტექნოლოგიების კომერციალიზაციაში. ეს არის ძალიან კარგი ხიდი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის, რომ იმ გამოგონებებთან დაკავშირებით, რაზეც მუშაობენ ქართველი მეცნიერები, თავისი დაინტერესებული ინვესტორი იპოვონ და ჩადგნენ ჩვენი ეკონომიკის და გლობალური ეკონომიკის სამსახურში.

ევროკავშირი თავისი გრანტის მეშვეობით აფინანსებს ამ პროგრამას. ამ ეტაპზე საპილოტე ნაწილის ფარგლებში უკვე შერჩეულია ცხრა სხვადასხვა აქტუალური ტექნოლოგია, მათ შორის მეტალურგიის ინსტიტუტში, არაორგანული ქიმიის ინსტიტუტში დამუშავებული, ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, აგრარულ უნივერსიტეტში და ა.შ. ეს პროცესი გაგრძელდება, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ჩვენს მეცნიერებს, რომ მათმა გამოგონებებმა ბაზარზე აღიარება იპოვონ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.