ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ ფასების სტაბილურობა უზრუნველყო
ნათია თურნავა - ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ ფასების სტაბილურობა უზრუნველყო

საქართველოში ფასების სტაბილურობა არსებითად მიღწეულია. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციამ შემცირება დაიწყო და მარტის შემდგომ მიზნობრივ სამ პროცენტზე დაბალი ნარჩუნდება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის ადეკვატურმა და დროულმა რეაგირებამ უზრუნველყო, როგორც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების, ისე შემდგომში მისი შერბილების მიმართულებით. 2023 წლის დასაწყისიდან ინფლაციური მოლოდინები და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილებას კლებადი ტენდენცია ჰქონდა და ბოლო პერიოდში მიზნობრივი სამპროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. ინფლაციის შემცირებას ხელს უწყობდა ლარის კურსის გამყარება, რომელმაც, საგარეო შოკების ეფექტების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტული ინფლაციის კლება და მთლიანი ინფლაციის შემცირება განაპირობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას თქმით, ინფლაციური ტენდენციების და ინფლაციური პროგნოზის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის დასაწყისიდან მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყო. 2023 წლის დასაწყისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11% იყო და წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, 1.5 პპ-ით, 9.5 პროცენტამდე შეამცირა.

„მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ ინფლაციური წნეხი აღმოფხვრილია და როგორც ინფლაციური მოლოდინები, ისე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად ახლოსაა, მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზების უფრო აქტიურ ფაზაში გადავედით. 2024 წლის დასაწყისიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით ჯამურად 1.5 პპ-ით შევამცირეთ. საბოლოო ჯამში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11-პროცენტიდან, დღეის მდგომარეობით, რვა პროცენტამდე არის შემცირებული. ვინაიდან ინფლაციური მოლოდინები მოთოკილია, ამან მოგვცა შესაძლებლობა, ეტაპობრივად შეგვემცირებინა რეფინანსირების განაკვეთი. ერთი მხრივ, ამან დადებითი გავლენა იქონია ლარის რესურსზე და, ამავდროულად, ამსუბუქებს ვალის ტვირთს. აქტიურად ვაკვირდებით ეკონომიკურ ტენდენციებსა და გლობალურად მიმდინარე მოვლენებს. ყოველთვის მზად ვართ, რეაგირება მოვახდინოთ ცვლადებად გარემოზე, საჭიროების შემთხვევაში შევარბილოთ ან გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ამით ვინარჩუნებთ ეკონომიკური კეთილდღეობის მთავარ ფუნდამენტს – ფასების სტაბილურობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.