ნათია თურნავა - რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკ-ფაქტორებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან
ნათია თურნავა - რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურ ინფლაციურ რისკ-ფაქტორებთან და რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან

საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახდენს საკუთარი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას. საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურად მომატებულ ინფლაციურ რისკ-ფაქტორებთან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მსყიდველუნარიანობის დაცვასთან, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

„სწორედ მონეტარული ოქრო არის ყველაზე უსაფრთხო აქტივი, რომელიც გლობალური ინფლაციისგან ჰეჯირების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, ოქრო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ლიკვიდური და მომგებიანი აქტივია. ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ რეზერვები არა მხოლოდ გაიზარდოს, არამედ გადანაწილდეს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტს შორის და, შესაბამისად, დავიცვათ მათი მსყიდველუნარიანობა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განმარტებით, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული. მთლიანი ოქროს მარაგის 20%-ს ცენტრალური ბანკები ფლობენ.

„ბოლო პერიოდში სწორედ ზემოთ ნახსენები ფაქტორების გამო ბევრი ცენტრალური ბანკი ყიდულობს ოქროს და ზრდის მის წილს რეზერვებში. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა, ჯამში, 1037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენდა. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.