მსოფლიოში უძველესი ნამარხი ბუმბული არქეოპტერიქს დინოზავრს ეკუთვნის — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ამ დრომდე აღმოჩენილი უძველესი ნამარხი ბუმბული დაახლოებით 150 მილიონი წლის წინანდელია. მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის საუკუნე-ნახევრის წინ აღმოაჩინეს, მის შესახებ დღემდე არც ისე ბევრი რამ იყო ცნობილი.
წლებია, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ის გვიანდელი იურული პერიოდის დინოზავრს ეკუთვნის. ამ საკითხზე დებატები 2019 წელს განახლდა, როდესაც მკვლევართა ჯგუფმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ის ეკუთვნის არა სახელგანთქმულ „პირველ ფრინველს“ — Archaeopteryx lithographica-ს, არამედ სრულიად სხვა, უცნობ სახეობას.
სხვა ექსპერტები ამაში დარწმუნებული არ არიან. ახალი კვლევის მიხედვით, ბუმბული ფორმით ნამდვილად არქეოპტერიქსისას ჰგავს. გარდა ამისა, ეს ბუმბული იმავე ადგილას აღმოაჩინეს, სადაც ოთხი არქეოპტერიქსის ჩონჩხი.
ახალი კვლევის მიხედვით, სხვა თუ არაფერი, ჯერ მხოლოდ აღმოჩენის ადგილიც უკეთეს ახსნას გვთავაზობს, ვიდრე სხვა გაურკვეველი სახეობა.
„2019 წლის კვლევის ალტერნატიული ტაქსონომიური ჰიპოთეზა წარმოადგენს ჰიპოთეტურ, გაურკვეველ დინოზავრს და გვერდს უვლის მტკიცებულებებს“, — წერენ მკვლევრები.
ბუმბული ემთხვევა არქეოპტერიქსის რამდენიმე სახეობას, რომელთაგან ზოგიერთი ამავე ადგილას არის აღმოჩენილი. ახალი კვლევის მიხედვით, ის შეიძლება, არქეოპტერიქსის ფრთის ბუმბულიც იყოს.
ზომითა და ფორმით, ის სხვა არქეოპტერიქსების ფრთის ქვედა რიგის ბუმბულს წააგავს.
„გასული 159 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები, მიეკუთვნებოდა თუ არა ეს ბუმბული იმავე სახეობას, რასაც არქეოპტერიქსის ჩონჩხები, ასევე მისი ფერისა და იმის შესახებ, სხეულის რომელ ნაწილზე იყო განლაგებული“, — ამბობს სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევარი რაიან კერნი.
მისივე თქმით, ახალი ტექნოლოგიებისა და ძველი ლიტერატურის კომბინაციით, ეს საუკუნოვანი საიდუმლო საბოლოოდ ამოხსნეს.
წინა კვლევა მიუთითებდა, რომ ბუმბული სავარაუდოდ შავი ფერის უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს მასზე არსებული პიგმენტების ხელახალი ანალიზიც და ამავე დროს აჩვენებს, რომ ის არც ისე მბზინავი უნდა ყოფილიყო.
ნამარხის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაწილია ბუმბულის ღეროს არარსებობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დაშლილა. შარშან გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ბუმბულის საკმაო მოხრილობა გამორიცხავს არქეოპტერიქსთან კუთვნილებას.
ახალი კვლევის მიხედვით კი, ბუმბულის მოხრილობა ძლიერ იცვლება სახეობების მიხედვით, განსაკუთრებით კი ფრთის ზედა ნაწილში. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, წინა კვლევის ავტორები ძალიან ბევრ რამეში შეცდნენ.
უცნობია, როდის დასრულდება ამ საკითხზე მიმდინარე დებატები, მაგრამ ამასობაში, ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ თავად არქეოპტერიქსის ნამარხების შესახებ, რაც ალბათ საკითხს საბოლოოდ გადაჭრის.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.