ახლად აღმოჩენილი დინოზავრის ნამარხი გვიჩვენებს, როგორ ჰგავდა მათი ბუმბულები თანამედროვე ფრინველებისას
ახლად აღმოჩენილი დინოზავრის ნამარხი გვიჩვენებს, როგორ ჰგავდა მათი ბუმბულები თანამედროვე ფრინველებისას

120 მილიონი წლის ნამარხის საშუალებით, მეცნიერები ცდილობენ გაერკვნენ იმ ევოლუციურ ნახტომში, რომელიც ბუმბულებიან დინოზავრებსა და თანამედროვე ფრინველებს შორის არსებობს.

ახლად აღწერილ სახეობას „მოცეკვავე დრაკონი“, ოფიციალურად კი Wulong bohaiensis უწოდეს და წარმოადგენს უცნაურ ნაზავს ფრინველებსა და დინოზავრებს შორის.

პირველად ის ჩინეთში, დაახლოებით ათი წლის წინ აღმოაჩინეს, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ნამარხთა დანალექებში. თუმცა, უძველესი ცხოველის ბრწყინვალედ შემონახული ძვლების დეტალური კვლევა მხოლოდ ახლახან ჩატარდა.

ჯიუფოტანგის ფორმაცია, სადაც ნამარხი აღმოაჩინეს, ჯეჰოლის ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ცნობილია ცხოველების გასაოცარი მრავალფეროვნებით და მიჩნეულია ერთ-ერთ უძველეს ჰაბიტატად, სადაც თანაარსებობდნენ დინოზავრები, ფრინველები და ფრინველის მსგავსი დინოზავრები. თუმცა, Wulong-ის ნამარხი ნამდვილად გამორჩეულია.

ჩინელ და ამერიკელ ექსპერტთა აზრით, ეს მოცეკვავე სახეობა ველოცირპატორების ერთ-ერთი უძველესი ნათესავია და წარმოადგენს გადამწყვეტ გარდამავალ სახეობას დინოზავრებსა და ფრინველებს შორის.

ეს ახალი სახეობა უნდა ყოფილიყო ყორანზე პატარა, მაგრამ ყვავზე დიდი და უნდა ჰქონოდა ბუმბულებიანი პატარა მტაცებლის შესახედაობა, ფრთების მსგავსი ოთხი კიდური და სუპერგრძელი, ორმაგი ფრთის მსგავსი კუდი. და კიდევ, არის რაღაც უცნაურობა მის ასაკთან დაკავშირებით.

სან-დიეგოს ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგ ეშლი პუსტის განცხადებით, ამ სახეობას კიდურებსა და კუდზე ჰქონდა ზრდასრული ფრინველისთვის დამახასიათებელი ბუმბულები, მაგრამ ამავე დროს აქვს სხვა ისეთი მახასიათებლები, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ის ჯერ ახალგაზრდა იყო.

ასეთი კომბინაცია ნამდვილი თავსატეხი იყო. ერთ დროს მიიჩნეოდა, რომ ბუმბულები უნიკალურად ფრინველებისსთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ ბოლო დროინდელი აღმოჩენების წყალობით (მრავალი მათგანი სწორედ ჩინეთის ამავე პროვინციაში გაკეთდა) ირკვევა, რომ ფრინველთა მრავალი საკვანძო მახასიათებელი გაცილებით ადრე განვითარდა, შესაძლოა, დინოზავრებზე ადრეც კი.

მიჩნეულია, რომ ველოცირპატორთა ემბრიონები პლანეტის პირველი ფრინველების თითქმის იდენტური უნდა ყოფილიყო.

Wulong-ის რამდენიმე ძვლის შესწავლის შემდეგ, პუსტმა და მისმა კოლეგებმა განსაზღვრეს, რომ მიუხედავად ზრდასრულის მსგავსი ბუმბულებისა, ეს კონკრეტული მოცეკვავე დინოზავრი ახალგაზრდა იყო, დაახლოებით ერთი წლის.

როგორც ისინი კვლევაში წერენ, ასეთი დახვეწილი სტრუქტურების არსებობა სომატურად შედარებით მოუმწიფებელ Wulong-ში იმაზე მიუთითებს, რომ არამფრინავი დინოზავრების ბუმბულოვანი საფარის განვითარების სტრატეგია ძალიან განსხვავდებოდა მათი ამჟამინდელი ნათესავებისგან.

მაგალითად, თანამედროვე ფრინველთა უმეტესობას ბუმბულის საფარი არც ისე სწრაფად ეზრდება, განსაკუთრებით კი კუდის მოუხეშავი ბუმბულები, რომლებიც სრულყოფილ სახეს შეწყვილების პერიოდში აღწევს. მეორე მხრივ, Wulong-ის კუდი დინოზავრის სიგრძეს პრაქტიკულად აორმაგებს და მისი ბუმბულები სქესობრივ მომწიფებამდე გაცილებით ადრეა განვითარებული.

პუსტის განმარტებით, როგორც ჩანს, ამ დინოზავრების კუდის ეს ბუმბულები რაღაც ისეთ ფუნქციას ასრულებდა, რომლის შესახებაც ჯერ არ ვიცით. ასევე შესაძლებელია, რომ მათი ბუმბულები ამჟამინდელი ფრინველებისგან ძალიან განსხვავებულად იზრდებოდა.

ამ დეტალების გასარკვევად, ჯგუფმა ნამარხები შეადარა Sinornithosaurus-ის გვარის დინოზავრის ნიმუშს. მისი ძვლებიც მოზრდილი და ზრდასრულის მსგავსია, მაგრამ როგორც ჩანს, სრულად გაზრდილი არც ის იყო. თუმცა, ჯგუფი მაინც ფრთხილობს და ცდილობს, ასაკის განსაზღვრაში მხოლოდ ძვლებზე დაკვირვებას არ დაეყრდნოს.

ძვლის ჰისტოლოგია შეიძლება ჩონჩხისთვის გამანადგურებელი იყოს, მაგრამ მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეთოდი და საუკეთესო გზაა საკვანძო აღმოჩენებისათვის.

„ახალი დინოზავრი კარგად ერგება ბუმბულებიან, ფრთოსან არსებებს, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ფრინველების წარმოშობასთან. ასეთი ნიმუშების კვლევები გვაჩვენებს, რა საოცარი გზა გაიარა უძველესმა სიცოცხლემ“, — აღნიშნავს სან-დიეგოს ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი ეშლი პუსტი.

კვლევა ჟურნალ The Anatomical Record-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.