მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს დღეს თბილისში დააჯილდოებენ
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) გადაწყვეტილებით, 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის – ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოს რეკორდსმენის, ლაშა ტალახაძის დაჯილდოების ცერემონია თბილისში დღეს გაიმართება.
ასევე თბილისში დაჯილდოვდება 2017 წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ესპანელი ლიდია ვალენტინი, რომელმაც წლის საუკეთესო ძალოსანი ქალის სტატუსი უკვე მეორედ მოიპოვა.
გალადაჯილდოება დღეს რუსთაველის თეატრში გაიმართება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და ლაშა ტალახაძის ოჯახის წევრები დაესწრებიან.
ცერემონიაზე დასასწრებად ლიდია ვალენტინი ესპანეთის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, კონსტანტინო იგლესიასთან ერთად, თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოვიდა. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცია პრეზიდენტ ტომაშ აიანის ხელმძღვანელობით კი თბილისს 5 მაისს ეწვია.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, ბენდი პაატა ანდრიაძის, ლევან დეისაძის და ზაზა ცერცვაძის შემადგენლობით, ანსამბლები „სუხიშვილები“ და „რუსთავი“.
ღონისძიების ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად გაიმართება. აქამდე სპორტის არც ერთ სახეობაში საერთაშორისო ფედერაციას, წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში არ ჩაუტარებია.
ასევე პირველად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც 1982 წლიდან ტარდება, გამარჯვება ქართველმა ძალოსანმა მოიპოვა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი ხასან აკუში საქმიან შეხვედრებს გამართავს ქართულ მხარესთან და ბათუმში მომავალ წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატის, „ბათუმი 2019“-ის მზადების პროცესს გაეცნობა.