მსოფლიო პატრიარქი - აია სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთება ტკივილს გვაყენებს
აია სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთება ტკივილს გვაყენებს, – ამის შესახებ მსოფლიო მართლმადიდებელმა პატრიარქმა, ბართლომემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მსოფლიო პატრიარქის თქმით, „ქალაქის ორი უნიკალური ძეგლი ქრისტიანულ ტაძრებად აშენდა, რომელიც ქვეყნად მოსული ღმერთის ჭეშმარიტებას და მშვენიერებას აჩვენებს“.
„ტაძრები გამოხატავენ ჩვენი რწმენის უნივერსალურ სულს, იმედის და სიყვარულის მარადიულობას. შეუდარებელი მოზაიკები და სხვა ხატები სულისთვის სამოთხისეული საკვებია და თვალისთვის დაუღალავი სიხარული. ისინი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის. ჩვენ ვევედრებით სიყვარულის, სამართლიანობის და მშვიდობის ღმერთს, რომ პასუხისმგებელ პირებს გონება და გულები გაუნათოს“, – განაცხადა პატრიარქმა ბართლომემ.
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ, აია სოფიაში მუსლიმთა პირველი ლოცვა 24 ივლისს გაიმართა.