მსოფლიო პატრიარქს სოხუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
მსოფლიო პატრიარქს სოხუმის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის უმაღლესი აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მსოფლიო საპატრიარქოში გაიმართა საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით; საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა, მსოფლიო საპატრაირქოს წმიდა სინოდის წევრები, კონსტანტინეპოლის ქართული სათვისტომოს, ადგილობრივი საეკლესიო და დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები, საქართველოდან სპეციალურად ჩასული სტუმრები.

„თბილად მოგესალმებით ძვირფასო რექტორო, თქვენს წარჩინებულ გარემოცვასთან ერთად, მართლმადიდებლობის ცენტრში – ისტორიულ ფანარში. მადლობას გიხდით იმ პატივისთვის, რაც თქვენმა უნივერსიტეტმა მოგვანიჭა, რომ ჩვენს მოკრძალებას საპატიო დოქტორის წოდება გადმოსცა. თქვენს წინაშე ამ ოფიციალურ მომენტში, კვლავ ვიმეორებთ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ მსგავსი ცერემონიების დროს, რომ ეს უზარმაზარი აკადემიური პატივი გადაეცემა მსოფლიო საპატრიარქოს კონსტანტინეპოლის დიდ ეკლესიას, რომელის წინამძღოლადაც ჩვენ ვმსახურობთ, უკვე ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა გამოსვლის დროს მსოფლიო პატრიარქმა.

ღონისძიების შემდგომ, მსოფლიო პატრიარქი ქართულ სამრევლოს – ედირნექაფის წმიდა გიორგის ტაძარს ესტუმრა, სადაც სამრევლოს წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ილია ჯინჯოლავამ მსოფლიო პატრიარქთან ერთად წმიდა გიორგის პარაკლისი აღასრულა. პარაკლისის შემდგომ პატრიარქმა სტუმრებთან – თურქეთში საქართველოს ელჩთან და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორთან ერთად – ქართული სამრევლოს ეზოში დეკორატიული ხე დარგო.