კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს ესტუმრნენ
კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს ესტუმრნენ

კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წარმომადგენლები მსოფლიო პატრიარქს ესტუმრნენ. ინფორმაციას სამრევლო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„3 მაისს, ჩვენი სამრევლოს ბავშვებთან ერთად, ვესტუმრეთ ყოვლადუწმიდეს მსოფლიო პატრიარქს მისსავე რეზიდენციაში, ფანარში, რათა მისთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიგველოცა. ყოვლადუწმიდესმა პატრიარქმა სიტყვით მიმართა დამსწრეთ და აღნიშნა, თუ როგორ უყვარს მას ბავშვები და ცდილობს ყოველთვის იზრუნოს მათზე. სამრევლოს წინამძღვარს მიმართა, რომ ძალ-ღონე არ დაეშურებინა, რათა სიყვარულით ეზრუნა ბავშვების განათლებაზე, შთაეგონებინა მათთვის ღმრთის სიყვარული და უკეთესი მომავლის ხედვა, რადგან სწორედ ეს ბავშვები არიან ეკლესიის მომავალი. მან ასევე ისაუბრა ისაუბრა სამრევლოში პასტორალური საქმიანობის მნიშვნელობაზე. მან ბავშვებს უთხრა: „მე მიყვარხართ თქვენ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი შვილები ხართ, არამედ განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქართველები ხართ. ჩვენ ვაფასებთ და გვიყვარს საქართველო. გვიყვარხართ და კვლავაც გვეყვარებით და განვაგრძობთ თქვენს თანადგომასა და მზრუნველობას“.

კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ილია ჯინჯოლავამ, სამრევლოს სახელით, ასევე სიტყვით მიმართა პატრიარქს და აღნიშნა, რომ „როგორც პატარა ბავშვები საჭიროებენ ყურადღებას მშობლისა, ასევე ჩვენც გვაქვს თქვენი მზრუნველობა, ყურადღება და მუდმივი მხარდაჭერა. და როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, „ჩვენ გვიყვარს მამა, რადგან პირველად მან შეგვიყვარა“. და მიმართა თხოვნით: „ილოცეთ და დაგვლოცეთ, როგორც თქვენი შვილები და განაგრძეთ ჩვენზე ზრუნვა, როგორც აქამდე აკეთებდით. ჩვენ კი გავიზრდებით, რათა გავამართლოთ თქვენი იმედები და მოლოდინები, ღირსეულად წარმოგადგინოთ ყოველთვის და ვიყოთ სასახელონი, როგორც ეს თქვენს საყვარელ შვილებს შეეფერება.“

ყოვლადუწმიდესმა პატრიაქმა წინასწარ მიულოცა სამრევლოს წმიდა გიორგის დღესასწაულო და მამა ილიას წმიდა დავით წინასაწარმეტყველის ძვირფასი ქართული ხატი გადასცა. ჩვენ კი მას სიმბოლური მცირედი სააღდგომო კალათა და თეთრი ორქიდეას ყვავილები მივართვით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დასასრულს პატრიარქმა ყველას დაურიგა ფსკვნილები და ჯვრები, ხოლო ბავშვებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.