მსოფლიო ლიდერები აშშ-ის კონგრესში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და მომიტინგეების მხრიდან ძალადობა დაგმეს
მსოფლიო ლიდერები აშშ-ის კონგრესში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ და მომიტინგეების მხრიდან ძალადობა დაგმეს. ლიდერებმა განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნეს.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენები შემაშფოთებელი იყო. მისი თქმით, დემოკრატიული არჩევნების შედეგების მიმართ პატივისცემა უნდა იყოს გამოხატული.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დევიდ სასოლმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ღრმად შეშფოთებულია კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარი ქმედებებით.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ უზრუნველყოფს დემოკრატიის წესების დაცვას“ – წერს სასოლი.
აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს ნორვეგიისა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრებიც გამოეხმაურნენ და სხვა ლიდერების მსგავსად, კაპიტოლიუმის შენობაში მიმდინარე მოვლენები დაგმეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ჯო ბაიდენი თავის გუნდთან ერთად გადალახავს ამ დაძაბულობას და ამერიკელ ხალხს გააერთიანებს.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. დაშავებულია რამდენიმე სამართალდამცველი.