მსესხებლისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო და ფინანსური სანქცია თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დღეს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, სანქციის ოდენობა წლიურად 98.55 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით კი, მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
„მაქსიმალურად მხარს ვუჭერ ამ პროექტს და ფინანსთა მინისტრის ინიციატივას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა, მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში, ძალიან ბევრ ოჯახს ჭარბვალიანობისგან დაიცავს და იმისგან, რომ ადამიანები როდესაც იღებენ ჭარბ ვალს, შემდეგ უკვე უჭირთ გადახდა და უწევთ მაგალითად, საცხოვრებელი სახლის, მანქანის, სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონების დაკარგვა. ეს შემდეგ მათ ძალიან უმცირებს შანსებს, რომ ღირსეულ პირობებში იცხოვრონ“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ.
მისი შეფასებით, აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების მხარდაჭერა.
„პროექტის მიხედვით, მცირდება ასევე ჯარიმები, მცირდება ეფექტიანი სასესხო განაკვეთი და ცვლილებები, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი არის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით. თუ ჩვენ შესაბამის პროცედურებს დაჩქარებულ ტემპში გავივლით, ცვლილებების მიღება მოესწრება და სავარაუდოდ, პირველი ივლისიდან ამოქმედდება“, – აღნიშნა სოფიო კილაძემ.