მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს [ფოტო]
თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მარჯანიშვილის თეატრში მთელი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
მსახიობ გურანდა გაბუნიას სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და საზოგადოების წარმომადგენლები.
მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება, ღირსების ორდენი; იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ ფილმში, მათ შორის „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.
სხვადასხვა დროს იყო მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობი.