კახა კალაძე - გურანდა გაბუნიას სახით დავკარგეთ უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა
კახა კალაძე - გურანდა გაბუნიას სახით დავკარგეთ უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა

თბილისი მერმა კახა კალაძემ თეატრისა და კინოს მსახიობის, გურანდა გაბუნიას ოჯახის წევრებსა და კოლეგებს მიუსამძიმრა.

თბილისის მერი მარჯანიშვილის თეატრში მეუღლესთან ერთად მივიდა, სადაც მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

„კიდევ ერთი ღირსეული ადამიანი წავიდა ამქვეყნიდან. დავკარგეთ კარგი ადამიანი, კარგი მეგობარი, უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა მარჯანიშვილის თეატრში. ნამდვილად გულდასაწყვეტია. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებსა და სრულიად საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გურანდა გაბუნიას დღეს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.

მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება, ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ნათამაშები აქვს 20-მდე ქართულ მხატვრულ ფილმში, მათ შორის: „თოჯინები იცინიან“, „მზე შემოდგომისა“, „დათა თუთაშხია“, „თბილისი ჩემი სახლია“.

სხვადასხვა დროს გახლდათ მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი.