მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს
მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

თბილისის 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატი ირმა ჭკადუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ მას არ აქვს იმედი, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო მის საჩივარს დააკმაყოფილებს.

„მოცემული შემთხვევა განსხვავებულია სხვა შემთხვევებისგან – ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნანობს მომხდარს, თავად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, თავად მიუთითა დანაშაულის იარაღის შესახებ, არის უკიდურესად შეძრწუნებული და პანიკური შიშის ქვეშ. როდესაც აღნიშნული ინციდენტის შედეგად დაშავებული ბავშვები არ არიან მძიმე მდგომარეობაში, ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ბრალდებისა და სასამართლოს მხრიდან აბსოლუტურად გაუმართლებელია.

ჩვენ ვასაჩივრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მინდა, წინასწარვე გამოვთქვა ჩემი წუხილი, რომ არ მაქვს იმედი, სააპელაციო სასამართლო ჩვენს საჩივარს დააკმაყოფილებს, მაგრამ როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანს, ვფიქრობ, მოსამართლეები უნდა იყვნენ მეტად დაფიქრებულები, მხოლოდ და მხოლოდ კანონიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.

31 იანვრის ღამეს „წითელ ბაღში“ მომხდარი დაპირისპირებისას ყოფილი თანაკლასელების დაჭრაში ბრალდებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.