მოსამართლე - კანონით, ორი გრამი MDMA განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება, მიმაჩნია, რომ სასჯელი შეუსაბამოდ მაღალია
მამუკა ბერძენიშვილის საქმის განხილვა დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ გავაგრძელე, რომ იმედი მქონდა, საპროცესო შეთანხმება შედგებოდა, – ამის შესახებ მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა განაცხადა, რომელმაც პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს მამუკა ბერძენიშვილს ორ გრამამდე MDMA-ის ფლობისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას კანონით იხელმძღვანელა და დაკავებულს ბრალდების შესაბამისი მინიმალური სასჯელი შეუფარდა.
„კანონის მიხედვით, MDMA-ის აღნიშნული რაოდენობა განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება. მიმაჩნია, რომ კანონით შეუსაბამოდ მაღალი სასჯელია დაწესებული და სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მას დანაშაული პირობითი მსჯავრის პერიოდში ჰქონდა ჩადენილი და სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, მივეცი მინიმუმი და ერთი დღეც კი არ დავამატე წინა განაჩენიდან. მოქმედი კანონით რისი უფლებაც კი შეიძლებოდა გამომეყენებინა, ყველა უფლება გამოვიყენე სწორედ იმის გათვალისწინებით.
ადვოკატებთან მქონდა საუბარი და მათ თქვეს, რომ ადვოკატთა გარკვეულმა ჯგუფმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, რომ თუნდაც 55-ე მუხლი დაუბრუნდეს სასამართლოს. ამ მუხლში წერია, რომ მოსამართლეს უფლება აქვს, თუ სახეზეა განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებები, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვა, რომ ეს იყო MDMA და არა ჰეროინი, მოსამართლეს შეუძლია, დანიშნოს, ქვედა ზღვარზე უფრო დაბალი ან უფრო მსუბუქი სასჯელი, ეს ნორმა ჩვენს კოდექსში არის, თუმცა 10-11 წლის წინ ცვლილება შევიდა კანონში და ჩაიწერა, რომ ამ 55-ე მუხლის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. სხვა შემთხვევაში, მოსამართლეს ეს უფლება წაერთვა“, – განაცხადა მოსამართლე ლია ორკოდაშვილმა.
კითხვაზე, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნარკოდანაშაულისთვის სასჯელი მაღალია, რატომ არ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული ნორმის გასასაჩივრებლად, ლია ორკოდაშვილმა განაცხადა, რომ ეს საქმის გაჭიანურებას გამოიწვევდა, ამიტომ მოსამართლის გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით, უმჯობესია, პროცესი ადვოკატებმა დაიწყონ.
„როგორც ვიცი, ადვოკატთა გარკვეულ ჯგუფს მიმართული აქვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, უზენაესისთვის მიმართვას აზრი არა აქვს, რადგან კანონს ისიც ვერ გასცდება.საკონსტიტუციომ უნდა გაარკვიოს, ან საკანონმდებლო ცვლილება უნდა მოხდეს.
მიმაჩნია, რომ სასჯელები მაღალია, როდესაც ადამიანს ჰეროინი აქვს, ეს ცოტა სხვა საკითხია და როდესაც MDMA – ეს სხვა. მე როგორც მოსამართლე, უძლური ვარ ამაზე ვისაუბრო, რადგან ოდენობები კანონმდებელს აქვს დადგენილი. მე კანონმდებელი მეუბნება, რომ ეს დიდ ოდენობად ითვლება და ვინაიდან კანონი ამას ამბობს, ვალდებული ვარ, ასე ჩავთვალო, გამოვიყენე მინიმალური სასჯელი და მინიმალური არის რვა წელი. რა თქმა უნდა, მიმაჩნია რომ მაღალია“, – განაცხადა მოსამართლემ.
მამუკა ბერძენიშვილს ორ გრამამდე კლუბური ნარკოტიკის, MDMA-ის შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლია ორკოდაშვილმა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.