მოქალაქეთა საშემოსავლო გადასახადების გარკვეული ნაწილი შესაძლოა, იმ მუნიციპალიტეტებში დარჩეს, სადაც ისინი მუშაობენ
მოქალაქეთა საშემოსავლო გადასახადების გარკვეული ნაწილი შესაძლოა, იმ მუნიციპალიტეტებში დარჩეს, სადაც ისინი მუშაობენ

არ არის გამორიცხული, მოქალაქეების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადების გარკვეული ნაწილი იმ მუნიციპალიტეტებში დარჩეს, სადაც ისინი მუშაობენ. თვითმმართველობის რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებში ეს საკითხიც განიხილება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პირველ არხს განუცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა თვითმმართველობების ფისკალური დეცენტრალიზაციის მიზნით, მათი დაფინანსება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიზარდოს.

„დეცენტრალიზაცია უნდა გახდეს ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ ვსაუბრობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციასა და ამ მიმართულებით რადიკალურ ცვლილებაზე. დღეისთვის ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია და გვსურს დავუახლოვდეთ ევროპულ მინიმუმს, რაც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით დაახლოებით 7%-ია. ანუ ჩვენ უნდა ავწიოთ თვითმმართველობების საკუთარი და არასაკუთარი შემოსავლები მშპ-ს 7%-მდე, რაც გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებას.

როგორ მოხდება ამ მაჩვენებლის მიღწევა, ეს არის დამოკიდებული სტრატეგიაზე. ეს შეიძლება მოხდეს საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე, სხვა გადასახადების ხარჯზე, ასევე გათანაბრებითი ტრანსფერის ხარჯზე, ეს არის უკვე დეტალები. მთავრია, რომ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მინიმუმს მივუახლოვდეთ“, – განუცხადა პირველ არხს ირაკლი კობახიძემ.