ნათია თურნავა - 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება ტურისტულ კომპანიებს გამოუთავისუფლებს თანხებს, საშემოსავლო გადასახადი კი, წლის ბოლომდე გადავადდება
ნათია თურნავა - 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება ტურისტულ კომპანიებს გამოუთავისუფლებს თანხებს, საშემოსავლო გადასახადი კი, წლის ბოლომდე გადავადდება

ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის მესამე ეტაპი გამორჩეულია იმით, რომ არის სპეციფიკური, მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამიზნული და აგებულია მათ საჭიროებებზე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გეგმა კომპლექსურია, რადგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოიცავს ტურიზმში მოქმედი თითოეული კომპანიის ქვედარგისთვის, ვინაიდან მათ განსხვავებული სპეციფიკა აქვთ.

„თუმცა, ვიტყვი, რომ საერთო გადაწყვეტილება იყო მიღებული მთლიანად ტურისტულ ინდუსტრიაში მოქმედ ბიზნესებზე, რაზეც უკვე პრემიერმა ისაუბრა – 2020 წლის ქონების გადასახადისგან სრული გათავისუფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გამოუთავისუფლებთ კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს, რათა შეინარჩუნონ დასაქმებულები და გადაიხადონ ხელფასები, ასევე სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები და მოემზადონ ამოქმედებისთვის; ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე იყო პირველ ნოემბრამდე გადავადებული, ეს შეღავათი გაგრძელდება წლის ბოლომდე. აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ, რა პრობლემაც შეექმნა უმეტეს ბიზნესს, მათ შორის ამ ინდუსტრიას – საბრუნავი საშუალებების დეფიციტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მისი თქმით, განთავსების ობიექტებთან მიმართებაში უპრეცედენტო პროგრამა იწყება.

„ვიწყებთ  უპრეცედენტო პროგრამას და ვთავაზობთ ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო და ეს არის უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად 95 პროცენტზე მეტი სასტუმრო ინდუსტრიის ობიექტი, აქაც მოვახდენთ მათი საბანკო სესხის 80 პროცენტის სუბსიდირებას სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე. ეს პროგრამა გაგრძელდება ექვსი თვე“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, თურნავას განცხადებით, სახელმწიფო დაეხმარება სექტორს და ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის სუბსიდირებას მოახდენს. მინისტრის შეფასებით, ეს საკითხი მალე გახდება აქტუალური და დაეხმარება ტურისტულ ობიექტებს, საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი მსოფლიო ბაზარზე გაიტანონ.

„როგორც უკვე ითქვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით სექტორს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც ერთი ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.