„სოციალ-დემოკრატები“ - მივესალმებით 750 ლარამდე შემოსავლის გადასახადისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ამასთან, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე
„სოციალ-დემოკრატები“ - მივესალმებით 750 ლარამდე შემოსავლის გადასახადისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ამასთან, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე

მივესალმებით 750 ლარამდე შემოსავლის გადასახადისგან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, ამასთან, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე, – ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ განცხადებაშია ნათქვამი.

„მთავრობის მიერ ფიზიკური პირების 750 ლარამდე შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (ასევე, 1500 ლარამდე შემოსავლის 750-ლარიანი წილის 20 პროცენტის საშემოსავლოსგან) წარმოადგენს ე.წ. პროგრესული დაბეგვრის შემოღებას. ჩვენ მივესალმებით ამ ღონისძიებას და არა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ვცდილობთ საჯარო პროპაგანდას და კანონპროექტების ინიცირების მეშვეობით ამ პრინციპის დამკვირდრებას საქართველოში, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი სამართლიანი და ამავე დროს ეფექტური მექანიზმი საზოგადოების სტაბილურობისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახით ამ პრინციპის შემოღებას აუცილებლად ექნება უარყოფითი ეფექტები – შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, რომლებიც უნდა მიემართებოდეს ჯანდაცვას, უმუშევრობის დახმარებას და სხვა სოციალურ მიზნებს. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადასახადები გაიზარდოს მაღალ შემოსავლებზე (ხელფასი, მოგება, დივიდენდი და ა.შ), თუნდაც 5,000 ლარის ზემოთ. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ბიუჯეტის გარეშე ვერ იარსებებს სოციალური დაცვის ეფექტური სისტემა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სოციალ-დემოკრატების განცხადებით, განხორციელებული ნაბიჯი მისასალმებელია. მათივე თქმით, ეს არის მცირე შემოსავლების ნაკლებად დაბეგვრა უფრო მაღალ შემოსავლიანებთან შედარებით.

„როგორ შეიძლება შეიცვალოს მცირეშემოსავლიანი ადამიანების ხელზე ასაღები თანხა:

ა) თუ იგივე დარჩათ დარიცხული შემოსავალი, ხელზე ასაღები თანხა გაეზრდებათ (მაგ. დღეს თუ აქვთ დარიცხული ხელფასი 750 ლარი, ხელზე იღებენ 600 ლარს, ხოლო 150 ლარს გადასახადის სახით იხდიან ბიუჯეტში. ახალი წესით, თუ დარიცხული ხელფასი აქვთ 750 ლარი, ხელზე აიღებენ 750 ლარს).

ბ) თუ შეუმცირდათ დარიცხული შემოსავალი (დამსაქმებელთან შეთანხმებით) იმ თანხის ოდენობით, რა თანხასაც ამ დრომდე იხდიდნენ ბიუჯეტში, ხელზე აიღებენ იმავე თანხას, რასაც იღებენ დღეს – თუ დარიცხული 750 ლარი შეუმცირდათ 600 ლარამდე – ხელზე აიღებენ 600 ლარს.

რაც შეეხება დამქირავებელს, პირველ შემთხვევაში, სარგებლის თვალსაზრისით, ის ინარჩუნებს სტატუსკვოს (ბიუჯეტს კი აკლდება შემოსავალი).

მეორე შემთხვევაში დამსაქმებელ კომპანიას უმცირდება ხარჯები. ეს შეიძლება, მოხდეს, როგორც არსებული სიტუაციიდან გამომდინარე იძულებით, კომპანიის შემოსავლების შემცირებიდან გამომდინარე (ეს უკვე ბევრ კომპანიაში მოხდა, საერთო მოთხოვნის შემცირების გამო), ასევე კომპანიის მისწრაფებით, შეამციროს ხარჯები მოგების გაზრდის მიზნით. ამ უკანასკნელისკენ კერძო კომპანიები ისედაც მიდრეკილნი არიან და რამდენადაც ეს შეუძლიათ და გამოსდით, აკეთებენ კიდეც ამას.

აქ წამოიჭრება კერძო კომპანიების ეფექტური ფუნქციონირებისა და დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობის ბევრი საკითხი. სუსტი სოციალური დიალოგის პირობებში, ამ საკითხების გადაწყვეტა დასაქმებულების გააქტიურებასთან ერთად საჭიროებს სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას და მხარეების ჩართვას კონსტრუქციულ დიალოგში.

ეს ცალკე თემაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთობები განსაკუთრებულ ყურადღებას, სიღრმისეულ განხილვას და სამართლიან, ობიექტურ, პროგრესულ და პერსპექტიულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. აუცილებელია ამ საკითხების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგში პირველ პლანზე წამოწევა და ფართო საზოგადოების (ყველა დაინტერესებული მხარის) მონაწილეობით განხილვა. დღეს მიმდინარე რადიკალური ცვლილებები თავისთავად ახდენს საკითხის აქტუალიზებას.

ვიმეორებთ: გადასახადების შემცირება დაბალ შემოსავლებზე, უმუშევრობის დახმარებასთან და სხვა ნაბიჯებთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოლიდარული და ეფექტური ეკონომიკისკენ, და არა მხოლოდ კრიზისის პერიოდისთვის, არამედ საზოგადოდ. ჩვენ ვიცით, რომ ამ პრინციპების გაფართოება და მყარად დამკვიდრება თავისით, საზოგადოებრივი ჩართულობისა და პოლიტიკური ბრძოლის გარეშე არ მოხდება, ამიტომ ყველას, ვინც ამ პრინციპებს იზიარებს მოვუწოდებთ, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ უშედეგო კრიტიკით და ჩავერთოთ მიმდინარე პროცესებში. ამ პრინციპების გაფართოება ჩვენ გვესაჭიროება დიდი ცვლილებებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ადგილი სადაც კეთილდღეობა გაზიარებულია ყველასთვის და არა რთეულებისთვის, როგორც ეს აქამდე იყო და არის“, – ნათქვამია სოციალ-დემოკრატების განცხადებაში.