მოძრაობა „არა ნაციზმს“ უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჟურნალისტებისგან თავს დაზარალებულად მიიჩნევენ
სახალხო მოძრაობა „არა ნაციზმს“ უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჟურნალისტებისგან თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა და ადვოკატებმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტები რესპონდენტების უფლებებს არღვევენ და ბოლო შემთხვევაც მათ ოფისში ტელეკომპანია
„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან მომხდარს უკავშირდება.
„დღეს ეს პრობლემა გამწვავდა, თითქოს რესპოდენტს აღარ აქვს უფლება რომ ინტერვიუ არ მისცეს. ეს არის ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობა იმ ადამიანების მისამართით, რომლებსაც ჟურნალისტებთან უწევთ შეხება. ხშირია შემთხვევები, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაციით აპელირებენ ჟურნალისტები.
ბოლო ხანებში ორი შემთხვევა გვქონდა, როდესაც პატივისა და ღირსების შელახვის გამო სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში. თუმცა ამ მხრივ კანონი მხოლოდ ცნობის უარყოფას ითვალისწინებს.
თუ ბევრი დაზარალებული ადამიანი შეიტანს სარჩელს სასამართლოში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მედიასაშუალების ჟურნალისტის წინააღმდეგ, ეს იქნება ბიძგი, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა შეიცვალოს“, – აცხადებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.
მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნანა კაკაბაძის განცხადებით, „არა ნაციზმს” დაეხმარება ყველას, ვინც თავს დაზარალებულად მიიჩნევს. მისი თქმით,ადვოკატთა ჯგუფი მათ მაღალკვალიფიციურ დახმარებას გაუწევს, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს.