ნანა კაკაბაძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება
ნანა კაკაბაძე პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება

მოძრაობა „არა ნაციზმს“ წევრი, ნანა კაკაბაძე მოძრაობის ოფისში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე დიღომში, პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

როგორც კაკაბაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, „რუსთავი 2“-ის ჯგუფი ოფისში უკანონოდ შეიჭრა და მათი უფლებები არ შელახულა.

„ეს ადამიანები უკანონოდ შემოიჭრნენ ჩვენი ოფისის კუთვნილ შენობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა 40 წუთით ადრე იცოდა, რომ არანაირ ინტერვიუს არ ვაძლევდი, როდესაც დამიკავშირდა, ეს ვუთხარი. ის მაინც შემოიჭრა. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის დარღვევა. მოვითხოვ, დაიწყოს გამოძიება. მათი უფლებები არ შელახულა.

ჩვენ დავდეთ კადრები, როგორ აზიანებენ თავიანთ აპარატურას და დებენ ჩვენი ოფისის კარებთან. როდესაც პირი შემოგეჭრება, არათუ აპარატურის არამედ მათი დაზიანების უფლებაც გვქონდა კანონით, რადგან დავიცვა ფართი და საკუთარი თავი“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით დაიწყო.

„რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრებს პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.