Moderna აივ ინფექციის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის ადამიანებზე ცდები დაიწყო — #1tvმეცნიერება
კომპანია Moderna-ს განცხადებით, კლინიკური ცდების პირველი ფაზის ფარგლებში, პირველ მონაწილეებს უკვე გაუკეთეს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) ტექნოლოგიით არის დამზადებული.
ცდა, რომელსაც IAVI G002 ეწოდება, არაკომერციულ სამეცნიერო კვლევით ორგანიზაცია IAVI-სთან პარტნიორობით მიმდინარეობს. იტესტება ვაქცინა, რომელსაც სხეულში შეჰყავს აივ-სპეციფიკური ანტიგენები, რომლებმაც იმუნური პასუხი უნდა აღძრან. ეს ანტიგენები IAVI-სა და Scripps Research-ის მეცნიერებმა შექმნეს.
შარშან ჩატარებულ „კონცეფციის დამტკიცების“ ცდაში მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ აივ ანტიგენებმა მონაწილეთა 97 პროცენტში წარმოქმნა სასურველი იმუნური პასუხი. ამჟამინდელი ცდაც მისი გაგრძელება იქნება, რომელშიც შეამოწმებენ ვაქცინის ძირითად და ბუსტერ ვერსიებს. ვაქცინა mRNA ტექნოლოგიას ეფუძნება, რომლითაც ასევე შექმნილია Moderna-ს წარმატებული კოვიდვაქცინა.
„უზომოდ აღტაცებული ვართ, რომ Moderna-ს mRNA პლატფორმით წინ წავიწიეთ აივ-ინფექციის ვაქცინის მიმართულებით. აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ძებნა ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო; ახალი ხელსაწყოების ქონა იმუნოგენურობისა და პლატფორმის თვალსაზრისით, შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს აივ-ინფექციის ეფექტიანი, გადაუდებლად საჭირო ვაქცინის პროგრესში“, — ამბობს IAVI-ს პრეზიდენტი მარკ ფაინბერგი.
ახალი კვლევა ნაწილობრივ დაფინანსებულია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ. მასში მონაწილეობს 56 აივ-უარყოფითი ზრდასრული ადამიანი, რომლებზეც შეამოწმებენ ვაქცინის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას. 48 მონაწილე პირველადი ვაქცინის სულ მცირე ერთ დოზას მიიღებს, რომელთაგან 32-ს ბუსტერსაც გაუკეთებენ. დარჩენილი რვა მონაწილე მხოლოდ ბუსტერ-ვაქცინას მიიღებს.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით.