მიწის რეფორმის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება იმ ოჯახების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება იმ ოჯახების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაძლებელი გახდება იმ კომლების (ოჯახების) მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც აღრიცხულნი არიან საკომლო წიგნებში, მაგრამ საკომლო წიგნში მათი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია შევსებული არ არის.

შესაბამისი ცვლილება გათვალისწინებულია მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით, რომლის ინიცირება 18 ნოემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ კომლზე არსებობს 1992-2007 წლების საარქივო ჩანაწერები და მუნიციპალიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადასტურდება მიწის ნაკვეთზე კომლის წევრთა ფაქტობრივი მფლობელობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იქნება, კომლის საკუთრების უფლება დაარეგისტრიროს. ასეთი შემთხვევებისთვის კანონპროექტით დგინდება ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ზღვრული ნორმა – 0,75 ჰა, რაც მთავრობის განმარტებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკომლო წიგნების ანალიზის საფუძველზე, საოჯახო მეურნეობებისთვის გამოყოფილი მიწის ოდენობების საშუალო მაჩვენებელია.

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი უფლებამოსილი იქნება, დაადგინოს საჯარო რეესტრში როგორც დაუზუსტებელი, ისე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აგეგვმით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა (გარდა სისტემური რეგისტრაციისა და იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა)“, – აღნიშნულია კანონპროექტში.