მიწის მართვის სააგენტოს შექმნაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები გრძელდება
მიწის მართვის სააგენტოს შექმნაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები გრძელდება

შეიქმნება თუ არა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, ამ თემაზე მთავრობასთან კონსულტაციები გრძელდება.

არსებული ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახალი სსიპ-ის შექმნას ეწინააღმდეგება.

„ჩვენ გვაქვს კონსულტაციები მთავრობასთან სსიპ-თან დაკავშირებით. საუბარია ფუნქციებზე – ეს იქნება ახალი სუბიექტი, არსებულთან შერწყმული, თუ შეთავსებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს რომელიმე ქვეუწყებასთან, ამას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ კონსულტაციები მთავრობასთან, რადგან აღსრულების ნაწილში მათი როლი ძალიან დიდია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ოთარ დანელიამ.

ახალი სსიპ-ის შექმნას დანელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტი – „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ ითვალისწინებს.