მოვუწოდებ ყველას მშვიდობისკენ და სიყვარულისკენ, ასევე ტაძრისკენ მოვუწოდებ ყველას, – ასე უპასუხა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ჟურნალისტების შეკითხვას, მოუწოდებს თუ არა ოპოზიციის მომხრეებს ძალადობის დაგმობისკენ.
წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის თანამესაყდრემ ტაძარში შეკრებილ მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღე მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. მიტროპოლიტ შიოს თქმით, ეს დღე არის არა მხოლოდ ღვთისმშობლის, არამედ ყველა ჩვენგანის ტაძარში მისვლის დღე.
„ამ დღეს სამი წლის ღვთისმშობელი მიიყვანეს ტაძარში, რათა იქ დარჩენილიყო, მომზადებულიყო და გამხადარიყო დედა ღვთისა, თავის წიაღში მიეღო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ტაძარზე, მის მნიშვნელობაზე. უფალი გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ ვილოცოთ ტაძარში, გავიხსენოთ ისტორია, არამედ ვეზიაროთ უფალს. დღეს განსაკუთრებით უნდა მივულოცოთ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, რადგან მთელი მისი ღვაწლი ეს არის ჩვენი ერის ტაძარში მოყვანის ღვაწლი და მისი უმთავრესი სიხარული, ოცნება და სურვილი არის, რომ ერი გახდეს უფრო ეკლესიური და უფრო ახლოს მოვიდეს ტაძართან“,- განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.
მართლმადიდებლური სამყარო დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღეს აღნიშნავს. საზეიმო წირვა სიონის ტაძარში პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ წალკის მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად აღავლინა.
მართლმადიდებლური რწმენის მიხედვით, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღე 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია.