რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელება
რას ნიშნავს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრის დასახელება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე, – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა, ამიტომ პატრიარქის მიერ ანდერძით მოსაყდრის დატოვების საკითხი აქტუალური აღარ არის.

პატრიარქის მოსაყდრე ამ მოვალეობის შესრულებას შეუდგება მას შემდეგ, როცა კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოვალეობების შესრულებას ვერ შეძლებს ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო. მოსაყდრე ეკლესიის მართვას განახორციელებს ახალი პატრიარქის არჩევამდე.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე უფლებამოსილია, მოიწვიოს საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც მოხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. მოსაყდრე, ასევე, საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმინდა სინოდის სხდომას, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.

შეგახსენებთ, ქაშვეთში, გიორგობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის დაწყების წინ ილია მეორემ წაიკითხა ბრძანება, რომლის თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი, მეუფე შიო დაასახელა.