მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანია დაღუპული
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
შსს-ში ასევე ადასტურებენ ინფორმაციას რამდენიმე დაშავებულის შესახებ.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
პროფკავშირების ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დამწვრობის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც პირველ არხს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ტექნიკურმა ინსპექტორმა, პაატა ნინუამ განუცხადა, ამ დროისთვის მომხდარი შემთხვევის დეტალებს აზუსტებენ.
„სავარაუდოდ მოხდა იგივე ტიპის შემთხვევა, რაც რამდენიმე თვის წინ, როდესაც ექვსი დაღუპული იყო. დეტალები არ ვიცით და გადაჭრით ვერაფერს ვამბობთ, რადგან ჯერ კიდევ მოკვლევის პროცესში ვართ“, – აღნიშნა პაატა ნინუამ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევა დღეს დილით მოხდა.