აკაკი ზოიძე - არ უნდა ვიყოთ სოციალურ ტრაგედიასა და ადამიანურ ტრაგედიას შორის არჩევანში
აკაკი ზოიძე - არ უნდა ვიყოთ სოციალურ ტრაგედიასა და ადამიანურ ტრაგედიას შორის არჩევანში

ჩვენ არ უნდა ვიყოთ სოციალურ ტრაგედიასა და ადამიანურ ტრაგედიას შორის არჩევანში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ჩვენ ადამიანთა სიცოცხლის მოსპობის პრევენცია უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ტყიბულის რაიონში აბსოლუტური სოციალური კოლაფსი არ მივიღოთ, რადგან იქ დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ერთადერთი საშუალება შახტში მუშაობაა და მეორე მხრივ, უნდა უზრუნველვყოთ უსაფრთხოება“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს და დაისაჯონ არამხოლოდ მეისრეები, არამედ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც შესაბამისი უსაფრთხოების ზომებისა და სისტემის დანერგვას წლების განმავლობაში უშლიან ხელს.

აკაკი ზოიძემ ასევე განაცხადა, რომ პარლამენტი ორგანულ კანონზე მუშაობს, რაშიც მთავრობაც ეთანხმება და „შრომის უსაფრთხოებისა და უფლების შესახებ“ ორგანული კანონის მიღება გაცილებით სწრაფად იქნება შესაძლებელი, რითაც შრომის ინსპექციას დამატებითი, მნიშვნელოვანი უფლებები მიენიჭება, სანქციები გაიზრდება და ეს მონიტორინგს უფრო ეფექტიანს გახდის.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ვინ იგულისხმა მაშინდელ სამთავრობო ხელმძღვანელობაში ირაკლი კობახიძემ, როცა განაცხადა, რომ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით პარლამენტს სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა, აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ამაში ეკონომიკური გუნდი და ყოფილი პრემიერი იგულისხმება.

„როცა პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონს“ ვიღებდით, ნათლად ჩანდა, რომ მთავრობა პირობითად, უფრო მარჯვნივ იყო გადახრილი, რომ შრომის ინსპექციისთვის ყველა უფლებამოსილების მინიჭება მომხდარიყო არა დროზე ადრე, 2019 წლის 1-ლი იანვრისთვის, არამედ იმ ვადაში, რა ვალდებულებაც ევროინტეგრაციის პროცესის ფარგლებში გვქონდა. პარლამენტს, არასამთავრობო სექტორსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სხვა პოზიცია გვქონდა. პოზიციები ძალიან მკვეთრი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, კონსენსუსს მივაღწიეთ“, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, მთავრობის პოზიცია იყო, ბიზნესის საკითხი უფრო მეტად ყოფილიყო დაცული, რათა სამუშაო ადგილები არ დაკარგულიყო.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით, ოქროს შუალედი უფრო მეტად, შრომის უსაფრთხოებისა და უფლებების კუთხით ყოფილიყო დაცული. მთავრობის არგუმენტი ის იყო, სამუშაო ადგილები გვჭირდება და ზედმეტად ხარჯიანი რეგულაციები არ გვინდაო, მაგრამ პინის მეორე მხარეს არის ის, რომ ჩვენ არ გვინდა ისეთი სამუშაო ადგილები, რაც ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დატოვე კომენტარი