მილიარდობით წლის წინ, ირმის ნახტომი „სოსისის გალაქტიკას“ შეეჯახა - ახალი კვლევა
როგორც ჩანს, ჩვენმა გალაქტიკამ დღევანდელი ფორმა დრამატული შეჯახების შედეგად მიიღო.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ნიშნები, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ მილიარდობით წლის წინ, ირმის ნახტომს შეეჯახა პატარა გალაქტიკა, სახელად „გაიას სოსისი“. ამ პროცესმა დატოვა არეულ-დარეული, უცნაურ ორბიტებზე მოძრავი ვარსკვლავები.
საინტერესოა, რატომ უწოდეს ამ კოსმოსურ ობიექტს „სოსისი“? კემბრიჯის უნივერსიტეტის ასტრონომის, ვინ ევანსის განმარტებით, სახელწოდება მომდინარეობს შეჯახების შედეგად ვარსკვლავებისთვის მიცემული გზის ფორმიდან.
„ვარსკვლავთა სიჩქარეების აღრიცხვისას, ჩვენ წინაშე წარმოისახა სოსისის ფორმა. ეს ვარსკვლავები ირმის ნახტომის ბოლო დიდი შეჯახების დანატოვარია“, — ამბობს ევანსი.
თუკი გონებას დაძაბავთ და წარმოსახვას მიმართავთ, მოცემულ გრაფიკზე ნამდვილად დაინახავთ სოსისის ფორმას.
გალაქტიკებს შორის შეჯახება უჩვეულო როდია. მსგავს პროცესში ირმის ნახტომიც არაერთხელ მოყოლილა.
მიჩნეულია, რომ ერთ-ერთი ასეთი პატარა შეჯახება სულ რაღაც 100 მილიონი წლის წი მოხდა და გალაქტიკის კიდეებზე ჭავლების მსგავსი უცნაური ტალღა დატოვა.
მაგრამ სოსისის გალაქტიკას ჩვენთვის მხოლოდ რამდენიმე ვარსკვლავი და მტვერი არ დაუტოვებია. როგორც ანალიზებმა აჩვენა, მას თან ახლდა სულ მცირე რვა ვარსკვლავთგროვა. საერთო ჯამში, ამ პატარა გალატიკას 10 მილიარდი მზის მასა უნდა ჰქონოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობის განმავლობაში ირმის ნახტომში მისი ბევრი თანამგზავრი ჯუჯა ჩავარდნილა, ის მათ შორის ყველაზე დიდი იყო“, — ამბობს კარნეგი მელონის უნივერსიტეტის ასტრონომი სერგეი კოპოსოვი.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „გაიასა“ და პროგრამა Sloan Digital Sky Survey-ის მიერ შეგროვებული მონაცემების გამოყენებით, ასტრონომებმა შეისწავლეს ჩვენს სამეზობლოში მდებარე 200 000 მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავი.
მათი მარშრუტების აღსადგენად, მკვლევრებმა მათემატიკური მოდელები გამოიყენეს და საბოლოოდ მივიდნენ 8-10 მილიარდი წლის წინ მომხდარ უზარმაზარ შეჯახებამდე.
შეჯახება იმდენად კატაკლიზმური უნდა ყოფილიყო, რომ ირმის ნახტომი ფრაგმენტებად უნდა დაშლილიყო. ამ არეულობიდან აღდგენის პროცესში, გალატიკას ახალი ფორმა უნა მიეღო, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოოდ კვლავ თავის ჩვეული, ამოზნექილი დისკოს ფორმა დაიბრუნა.
გალაქტიკები სხვადასხვა ზომისა და ფორმის არსებობს, მაგრამ ჩვენი მშობლიური გალაქტიკის სპირალური დისკოს ფორმის ზოგიერთი მახასიათებელი საკმაოდ რთულად ასახსნელია.
მაგალითად, გალაქტიკას გარს აკრავს ვარსკვლავთა დიფუზიური ჰალო, სადაც ზოგიერთი ვარსკვლავი გაცილებით ხნიერია, ვიდრე უშუალოდ ირმის ნახტომის სიბრტყეში არსებული მათი თანამოძმეები. ამ ფაქტის ახსნა ათსწლეულები ცდილობდნენ, მაგრამ დეტალებზე დავა ასტრონომებს შორის დღემდე მიმდინარეობს.
წინა დაკვირვებათა საფუძველზე, ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ ახალგაზრდა ირმის ნახტომს უნდა შეჯახებია ვარსკვლავებისა და მტვრის გროვა, რომლის მკვრივი ბირთვიც გალაქტიკას გარს ჰალოს სახით შემოერტყმებოდა.
მართალია, სოსისის გალაქტიკა უკვე დიდი ხანია ნაკუწ-ნაკუწ იქცა, მაგრამ მის მიერ დატოვებული ნარჩენები დღემდე ატარებს მისი წარმოშობის გარკვევისთვის საჭირო არაერთ გასაღებს.
„სოსისის ვარსკვლავები გალაქტიკის ცენტრის გარშემო, მისგან დაახლოებით ერთნაირ მანძილზე მოძრაობენ“, — ამბობს კვლევის ავტორი, დარემის უნივერსიტეტის მკვლევარი ელაის დისონი.
ვარსკვლავების გრძელი, რადიალური სიჩქარე ძალიან ჰგავს მზის სისტემის კომეტებისას, U-ს ფორმით არიან ჩაძირული გალაქტიკის ცენტრის მიმართულებით და ცვლიან გალაქტიკის ამოზნექილობის სიმკვრივეს. დისკოსთან ისინი დროთა განმავლობაში გაჭიმვას განაგრძობენ და მათი ორბიტები წაგრძელებულ ფორმას იღებს.
ირმის ნახტომის ზომიდან გამომდინარე, გალაქტიკური „სელფის“ გადაღება შეუძლებელია. შესაბამისად, მისი იერსახის შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს. ზემოთ ხსენებულის მსგავს მოდელებს კი შეუძლია დაგვეხმაროს უფრო ნათელი სურათის შექმნაში.
რამხელაც არ უნდა ყოფილიყო „გაიას სოსისი“, 4 მილიარდი წლის შემდეგ, ირმის ნახტომს წინ ელოდება ბევრად უფრო შთამბეჭდავი შეჯახება მეზობელ ანდრომედას გალაქტიკასთან, რომელიც ჩვენსაზე გაცილებით დიდია. ისინი რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში „იცეკვებენ“ და საბოლოოდ, წარმოქმნიან ერთ, გიგანტურ გალაქტიკას.
ამ მოვლენას ჩვენ რა თქმა უნდა, ვერ მოვესწრებით, მაგრამ წარსულში მომხდარი მსგავსი მოვლენების შესწავლა დაგეხმარება გავიგოთ, რა ფორმის იქნება ახალი მონსტრი გალაქტიკა, რომელსაც მკვლევრებმა უკვე უწოდეს მილკომედა.
კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია simonsfoundation.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.