მილიარდობით წლის განმავლობაში, მთვარე შეიძლება დედამიწას წყალს მალულად ჰპარავდა — #1tvმეცნიერება
მილიარდობით წლის განმავლობაში, მთვარე შეიძლება დედამიწას წყალს მალულად ჰპარავდა — #1tvმეცნიერება

ცნობილია, რომ მთვარეზე წყლის მოლეკულები და ყინულია, მაგრამ საიდან აღმოჩნდა ის იქ? წყლის გარკვეული ნაწილი შეიძლება ასტეროიდებისა და კომეტების შეჯახებათა შედეგად მოხვდა, მაგრამ ახალი კვლევა წყლის სხვა წყაროზეც მიუთითებს: დედამიწის ატმოსფეროზე.

მეცნიერთა განცხადებით, ჩვენი ატმოსფეროს ზედა ნაწილიდან გაქცეულ და შემდეგ შეერთებულ წყალბადისა და ჟანგბადის იონებს შეიძლება წარმოექმნა 3500 კუბური კილომეტრის ფართობის ზედაპირის გაყინული ქანი ან ზედაპირქვეშა თხევადი წყალი.

მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ მთვარის ზედაპირზე წყალბადისა და ჟანგბადის იონები მაშინ ხვდება, როდესაც მთვარე დედამიწის მაგნიტოსფეროს „კუდში“ გაივლის; ეს გახლავთ წვეთის მსგავსი ბუშტი დედამიწის გარშემო, რომელზეც გავლენას ახდენს მისი მაგნიტური ველი. მოვლენა მთვარის ყოველ თვეში, ხუთი დღის განმავლობაში ხდება.

ვინაიდან ამ ბუშტს მზის ქარი ურტყამს, დედამიწის მაგნიტური ველის ხაზების გარკვეული ნაწილი იმსხვრევა და რჩება პლანეტის მხოლოდ ერთ ბოლოზე მიბმული.

როდესაც მთვარე დედამიწის მაგნიტოსფეროს ამ კუდთან ურთიერთქმედებს, ზოგიერთი ეს დამსხვრეული შეერთება აღდგება, რაც დედამიწის ატმოსფეროდან იქამდე გაქცეული წყალბადისა და ჟანგბადის იონებს უცაბედად კვლავ მისკენ დაბრუნებას აიძულებს.

„დაახლოებით ისეა, მთვარე რომ წვიმაში მოხვდეს – უკან, დედამიწისკენ მომავალ წყლის იონთა წვიმაში, რომლებიც მთვარის ზედაპირზე ცვივა“, — ამბობს ფერბენკსის ალასკის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი გიუნტერ კლეტეშკა.

მთვარეს მაგნიტოსფერო არ აქვს და შესაბამისად, როცა იონები მის ზედაპირზე ცვივა, მკვლევართა ვარაუდით, წარმოიქმნება მრავალწლოვანი მზრალობა. ამ გაყინული ქანის გარკვეული ნაწილი, სხვადასხვა გეოლოგიურ პროცესთა მეშვეობით შეიძლება ზედაპირქვეშ ხვდებოდეს და თხევად წყლად გადაიქცეოდეს.

მკვლევართა ვარაუდით, კოსმოსური ნამტვრევებით გვიანდელი მძიმე ბომბარდირების პერიოდში, ეს იონები მილიარდობით წლის განმავლობაში ნელა აკუმულირდებოდა; ეს ის პერიოდია, როცა ადრეული დედამიწა და მთვარე კოსმოსში მოხეტიალე სხვა ციური სხეულებით მძიმედ იბომბებოდა.

მთვარის გარშემო მოძრავი NASA-ს თანამგზავრის, Lunar Reconnaissance Orbiter-ის გრავიტაციული მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა დეტალურად დაათვალიერეს მთვარის პოლარული რეგიონები და რამდენიმე დიდი კრატერი. ჯგუფმა შენიშნა ანომალიები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს მუდმივად გაყინული ქანების დამჭერ ნაპრალებზე.

„კრატერული დარტყმები, სტრუქტურული გაფართოებებისა და ნაპრალების ფორმირება, ზედაპირქვეშა თხევადი წყლის დიდი რეზერვუარების არსებობისთვის შესაფერის ფოროვანი სივრცის ქსელებს ქმნის. გათვლები მიუთითებს, რომ გასული 3,5 მილიარდი წლის განმავლობაში, ამ გზით, მთვარის ზედაპირქვეშ უნდა აკუმულირებულიყო რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრის წყლის ფაზა“, — წერენ მკვლევრები.

მართალია, დიდი ალბათობით მთვარეზე წყალი რამდენიმე სხვადასხვა წყაროდან მოხვდა, მათ შორის მზის ქარების მიერ გამოწვეული წყალბადისა და ჟანგბადის რეაქციებით, მაგრამ მეცნიერთა აზრით, წყლის დიდი ნაწილი იქ შეიძლება ამ გზითაც მოხვედრილიყო.

წყლის ეს ოდენობა საკმარისი იქნებოდა ჩრდილოეთ ამერიკის ჰურონის ტბის ასავსებად. კრატერებისა და ქანების ნაპრალების საფარი წყალს კარგად იცავს უკან, კოსმოსში აორთქლებისგან.

NASA მთვარეზე ადამიანთა გრძელვადიანი ბაზის შექმნას ფიქრობს. ამისათვის კი აუცილებელი იქნება მთვარის სადგური ახლომდებარე წყლის წყაროთი. ეს უახლესი კვლევა ექსპერტებს შეიძლება სადგურის ადგილმდებარეობის შერჩევაში დაეხმაროს.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია uaf.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.