მიხეილ ყაველაშვილი - ვერ ვიგებ სტრატეგიული პარტნიორისგან დიდაქტიკურ დამოკიდებულებას, ვინც უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტოს, რომელ პუნქტს გულისხმობს, რომ ვიღაცას ვზღუდავთ
მიხეილ ყაველაშვილი - ვერ ვიგებ სტრატეგიული პარტნიორისგან დიდაქტიკურ დამოკიდებულებას, ვინც უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტოს, რომელ პუნქტს გულისხმობს, რომ ვიღაცას ვზღუდავთ

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მიუღებელია.

ყაველაშვილის თქმით, კანონპროექტით არავის არაფერი ეზღუდება, არამედ საუბარია გამჭვირვალობაზე. მისივე განმარტებით, კანონპროექტთან დაკავშირებით არცერთი არგუმენტირებული შენიშვნა არ მოუსმენია.

„რაც შეეხება ნედ პრაისის განცხადებას, მიუხედავად პატივისცემისა, და ხშირად აღვნიშნავთ ხოლმე, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ფაქტებზე დეტალურად ვუხსნით საზოგადოებას, ამ კანონპროექტთან დაკავშირებითაც ჩავატარეთ ბრიფინგი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას. რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა, რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონპროექტი ამერიკულს და შეგვიძლია ორივე კანონპროექტი (ქართული და ამერიკული) წარვუდგინოთ საზოგადოებას. ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით ჩვენი კანონპროექტი და საზოგადოებას შეუძლია, თავად განსაჯოს, რას ვგულისხმობთ.

იქნება პუნქტობრივი განხილვა პარლამენტში და ყველას შეეძლება, ნახოს. არავის არაფერს ვუზღუდავთ, აქ საუბარია გამჭვირვალობაზე და მიკვირს, რომ ასეთი შეფასებებია, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები.  დღემდე ვერცერთი არგუმენტირებული სამართლებრივი შენიშვნა ვერ მოვისმენე კანონპროექტთან დაკავშირებით. საზოგადოებას საშუალება ექნება, თავად შეადაროს ორივე კანონპროექტი, რომელი უფრო მკაცრია და რომელი უფრო ზღუდავს ადამიანის უფლებები იქნება თუ ორგანიზაციების საქმიანობა. ვერ ვიგებ დამოკიდებულებას, როცა სტრატეგიული პარტნიორია ქვეყნის და ასეთი დიდაქტიკური დამოკიდებულება, პირდაპირ მოწოდებაა, რომ იზღუდება ადამიანის უფლებები, დემოკრატია და ფაქტების გარეშეა ამაზე საუბარი. მიუხედავად პატივისცემისა, ვინც არ უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს, რომ ვიღაცას ვზღუდავთ და დემოკრატიის საწინააღმდეგო ნაბიჯს ვდგამთ.

საზოგადოება შეაფასებს, საზოგადოების არჩეული ვართ ჩვენ, უმრავლესობა, ეს არ არის საკმარისი? პარლამენტი რისთვის ფუნქციონირებს, კანონის ინიცირება სად უნდა მოხდეს? საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდით, აბა, თქვენ რას გულისხმობთ, რომ ნედ პრაისმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოში რა უნდა მოხდეს? ვისთან უნდა მქონდეს კომუნიკაცია? პარტნიორებთან რატომ უნდა მქონდეს კომუნიკაცია? ჩვენი კონსტიტუცია წაიკითხეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კითხვაზე, – „კონსტიტუციაში წერია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოთ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის. ყველაფერს აკეთებთ?“ – მიხეილ ყაველაშვილი პასუხობს: „ეს არ ნიშნავს, რომ ნედ პრაისს დავურეკო, კანონპროექტის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხარ თუ არა. ნედ პრაისს ეს ვკითხო?“.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.