მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს.
ყაველაშვილის თქმით, ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და სპორტსმენებს შეხვდება.
„ჩვენ შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც ვიცი, ყრილობა არის ჩანიშნული ხუთშაბათს, 10 მაისს და ალბათ იქ იქნება საუბარი. ვეცდებით, რომ მოხდეს კონცენტრირება ორივე მხარის და პირადად ჩემთვის, ცოტა ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნილებაში, თუმცა შეხვედრაზე ალბათ უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, არ უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი, რადგან არის რიგითობა. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ მანდ გააგრძელოს მოღვაწეობა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ. სპორტსმენები ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ძიუდოისტებმა ქევხიშვილის გადადგომა 4 მაისს მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქცია ვაკის პარკში გამართეს. ამასთან, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიასთან აქცია გამართეს დავით ქევხიშვილის მხარდამჭერებმაც.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ამასთან, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და მათთან დაპირისპირებულ სპორტსმენებს აუცილებლად შეხვდება.
ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.