მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება რომ ყოფილიყო, ვინ დაასწრებდა სტრასბურგს, 44 დეპუტატის მოწოდებასაც იგივე ბედი ელის, რაც კეზერაშვილის პოლიტიკურ თუ მედიადევნილად გამოცხადებას
მიხეილ სარჯველაძე - სააკაშვილის გადაყვანის საჭიროება რომ ყოფილიყო, ვინ დაასწრებდა სტრასბურგს, 44 დეპუტატის მოწოდებასაც იგივე ბედი ელის, რაც კეზერაშვილის პოლიტიკურ თუ მედიადევნილად გამოცხადებას

მგონი, ზურაბიშვილის მიმართ უპატივცემულობაა, რადგან მათ, ვინც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, იციან პრეზიდენტის მანამდე გაკეთებული განცხადება – „არა და არასდროს“. ამის მიუხედავად, როდესაც მოუწოდებენ, არ ვიცი, მოლოდინი რა აქვთ, ალბათ, იგნორირება რომ გაუკეთონ მის პოზიციას და, პრაქტიკულად, დავალების სახით მისცენ ეს დავალება, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითიც სააკაშვილის შეწყალებისა და სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სახელზე უკრაინის რადას დადგენილების პროექტს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ეს შეურაცხმყოფელია, პირველ რიგში, პრეზიდენტისთვის, მაგრამ ქართული სუვერენული სახელმწიფოსთვისაც არ არის ურთიერთობის კორექტული ფორმა.

„ვინმეს მეგობრულად ინტერესი თუ აქვს, შეიძლება, კონსულტაციები იმართებოდეს, საკითხების გამოძიება და შესწავლა ხდებოდეს, მაგრამ საკითხების შესწავლა იმ ხალხის ინტერესში არ არის. არახამიამ ყველაზე კარგად იცის, რომ არაფერი სჭირს სააკაშვილს და მისი არცერთი უფლება არ დარღვეულა. მას პოლიტიკური ამოცანა აქვს გადასაწყვეტი და ხომ ვერ იტყვის, საქართველოს სამართალი როგორც არ უნდა წყვეტდეს, პოლიტიკურად მჭირდება, რაკი პოლიტიკურად ჩემთვის მიზანშეწონილია, ამიტომ ეს კაცი უნდა გავიყვანოთ ციხიდანო. ასეთი დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ქართულ სუვერენიტეტს ეს კაცი უპატივცემულოდ და უდიერად ეპყრობა. ჩვენი მხრიდან ასეთი დამოკიდებულებები შეწყნარებული და ლმობიერად მიღებული ვერ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, მაქსიმალურად თავშეკავებულები ვიყოთ ასეთი ფაქტების შეფასებისას. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მან უნდა გადაწყვიტოს დამოუკიდებლად, ამ დრომდეც ასე იყო. ბევრი პრობლემური ფაქტორი უკავშირდება და ზემოქმედებს ამ გადაწყვეტილებაზე, მით უმეტეს, ასეთი არაკორექტული დამოკიდებულების, წინა გამოცდილების ფონზე, როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ერთ-ერთ ევროპარლამენტარმა განაცხადა, ვიცოდი, რასაც აკეთებდაო, ასე ვთქვათ, გააშიშვლა, რომ ეს იყო სხვაგან შეთანხმებული გადაწყვეტილება. მთავარია, პრეზიდენტიც მეტად უფრთხილდებოდეს ინსტიტუტის და საკუთარ რეპუტაციას“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა 44 ევროპარლამენტარისგან შემდგარი ჯგუფის განცხადებაზე, რითაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭიროს სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

სარჯველაძის თქმით, ამ 44 ადამიანის რეალური მოტივაციაა, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანონ.

„უბრალოდ, მათ უჭირთ ღიად თქმა, რომ მათი ამოცანაა პოლიტიკური პარტნიორის გათავისუფლება, რათა აარიდონ დამსახურებული მართლმსაჯულების პასუხი, სასჯელი, რომელიც მას მოსახდელი აქვს. რასაკვირველია, ამას ღიად ვერ იტყვიან, რადგან ეს არ არის სწორი, კორექტული და კეთილსინდისიერი საქციელი. ამიტომ ნიღბავენ, ვითომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების არსებობით. გახსოვთ, რეზოლუციაც მიიღეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ შეაფასა ეს საკითხები. როგორ ფიქრობთ, რეზოლუციის ავტორი 44 დეპუტატი უფრო ავტორიტეტულია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თუ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო? გადაყვანის საჭიროება რომ ყოფილიყო, ვინ დაასწრებდა სტრასბურგის სასამართლოს, რომ დადებითი პოზიცია არ დაეფიქსირებინა. ამის ნაცვლად, მან მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება. ამიტომ 44 დეპუტატის მოწოდებასაც ზუსტად იგივე ბედი ელის, როგორც კეზერაშვილის პოლიტიკურ თუ მედიადევნილად გამოცხადებას“, – აღნიშნა სარჯველაძემ.