მიხეილ სარჯველაძე - მგონია, პრეზიდენტი ძალაუნებურად აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა რიგგარეშე სესიაზე არაკორექტული მოთხოვნა ჩამოუყალიბდა
მიხეილ სარჯველაძე - მგონია, პრეზიდენტი ძალაუნებურად აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა რიგგარეშე სესიაზე არაკორექტული მოთხოვნა ჩამოუყალიბდა

რიგგარეშე სესიის მოწვევას თავისი პროცედურა აქვს. განიმარტა, რომ სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობდა, რადგან არც ერთი საკითხი არ არის მზად, რომელიც შეიძლებოდა, გატანილი ყოფილიყო პლენარულ სხდომაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

სარჯველაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ძალაუნებურად აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა რიგგარეშე სესიაზე არაკორექტული მოთხოვნა ჩამოუყალიბდა.

„ოპოზიციის მხრიდან შიშზე საუბარი აბსურდია. ვინც ბიუროს სხდომას უყურა, ნახავდა, რომ არავითარ შიშზე საუბარი არ არის. თუ შიშში იმას გულისხმობენ, რომ ვინმეს შესაძლებლობა არ მივეცით პოლიტიკური პერფორმანსებითა და დესტრუქციით დეპოლარიზაციის ხელყოფა მოეხდინა, მაშინ რაც უნდათ, ის დაარქვან ჩვენს გადაწყვეტილებას. ვიმსჯელეთ, რიგგარეშე სესია რამდენად საქმიანი და თემატური იყო, თორემ სექტემბერი მოვა და პლენარული სხდომები იქნება. მგონია, რომ პრეზიდენტი ძალაუნებურად და არა ნებსით, აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა მას არაკორექტული მოთხოვნა ჩამოუყალიბდა. ახლა ამ არაკორექტული მდგომარეობის გადაფარვა განცხადებით, რას დააზიანებდა რიგგარეშე სესია – ეს ყველაფერი ხომ სტანდარტული პოზიცია არ არის?

რიგგარეშე სესიის მოწვევას თავისი პროცედურა აქვს და აიხსნა, რომ სხდომის მოწვევის საჭიროება არ არსებობდა, რადგან არც ერთი საკითხი არ არის მზად, რომელიც 12 რეკომენდაციასთან კავშირში იქნებოდა და შეიძლება გასატანი ყოფილიყო პლენარულ სხდომაზე. ბიუროს სხდომაზე მთელი დისკუსია დაეთმო იმას, რომ ოპოზიცია გვთავაზობდა – 12 პუნქტთან დაკავშირებული საკითხები სხდომაზე გასატანად მზად არ არის, მაგრამ მოდით, სახე რომ შევინარჩუნოთ, რაღაც თემები მოვიფიქროთ, სხდომაზე გატანისთვისო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით პრეზიდენტს 13 ივლისს მიმართა და შესაბამისი ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაეთანხმა ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას და განაცხადა, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავდა. პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში 15 ივლისს შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.

ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ კი განაცხადეს, რომ „არ აპირებენ რადიკალური ოპოზიციის მოგონილ, საბოტაჟურ და უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიის გასახსნელად საჭიროა, ჩატარდეს პლენარული სხდომა, თუმცა პლენარული სხდომისთვის განსაზღვრული საკითხები ოპოზიციის მხრიდან არ არის წარმოდგენილი.