მიხეილ სარჯველაძე - 29 იანვრის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი კატეგორია იქნება, ვინც გამორიცხავს მონაწილეობას, ვისი მიზანიც ხელის შეშლაა და მცირე ნაწილი, ვინც გულწრფელად მონდომებულია
მიხეილ სარჯველაძე - 29 იანვრის შეხვედრასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამი კატეგორია იქნება, ვინც გამორიცხავს მონაწილეობას, ვისი მიზანიც ხელის შეშლაა და მცირე ნაწილი, ვინც გულწრფელად მონდომებულია

ცნობილია თემატიკა, რის ირგვლივაც გაიშლება მსჯელობა და იქ გამოჩნდება, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური ხერხი, მეთოდი ან ფორმატი, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს მუშაობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ცხრაპუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით 29 იანვარს დაგეგმილ შეხევდრაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მისი მოლოდინია, რომ ოპოზიციის სამი კატეგორია გამოიკვეთება.

„ალბათ ბევრ ადამიანს, ვინც ქმნიდნენ არასწორ მოლოდინებს, რომ ხელისუფლება არ არის კონსტრუქციულად განწყობილი, ახლა უნდა ჰქონდეთ უხერხულობის განცდა და თვლიდნენ თავს ვალდებულად, საზოგადოებას უთხრან, რომ შეცდნენ, როდესაც ასეთ არასწორ ანონსებს აკეთებდნენ ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება თვითონ 29 იანვრის შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მე მეჩვენება, რომ სამი კატეგორია იქნება ოპოზიციის მხრიდან. ამაში ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომლებიც შეიძლება იყვნენ პრაქტიკულად გაიგივებული ოპოზიციასთან, მათი ფორმალური სტატუსის მიუხედავად. ოპოზიციის ერთი ნაწილი ალბათ იქნება გულწრფელად მონდომებული. სამწუხაროდ, ჩემი ვარაუდით, ეს იქნება ყველაზე მცირე ნაწილი. იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებიც საერთოდ გამორიცხავენ მონაწილეობას და იქნებიან ოპოზიციონერები, რომლებისთვისაც იქნება მხოლოდ ერთადერთი მიზანი, რეალურად ხელი შეუშალონ, არ უგულშემატკივრონ ქვეყნის წინსვლას ამ მიმართულებით, ფორმალურად კი ისეთი შთაბეჭდილება შექმნან, თითქოს პოზიტიურ წვლილს შეიტანენ ამ პროცესში. ეს არის მთავარი მოლოდინი, რომელიც პირადად მე მაქვს. ღმერთმა ქნას, მეშლებოდეს და ყველა იყოს კონსტრუქციულად განწყობილი. რაც შეეხება შეთავაზებას, ეს ყველაფერი გამოჩნდება შეხვედრაზე. ჩვენთვის ცნობილია თემატიკა, რის ირგვლივაც გაიშლება მსჯელობა, დისკუსია და, შესაბამისად, იქ გამოჩნდება, რა იქნება ყველაზე ოპტიმალური ხერხი, მეთოდი ან ფორმატი, რომ რაც შეიძლება ეფექტიანი იყოს მუშაობა, რომელსაც წარმართავს ხელისუფლება. იმედი მაქვს, არამხოლოდ ხელისუფლება ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – განაცხადა სარჯველაძემ.