მიხეილ სალუაშვილი - პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს
მიხეილ სალუაშვილი - პრეზიდენტმა უნდა იზრუნოს, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს

დღევანდელ მოცემულობაში, როცა საქართველო რუსეთსა და ჩრდილო ატლანტიკურ ბლოკს შორის პოლიგონად არის ქცეული, ერთადერთი სწორი გამოსავალია, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, პრეზიდენტმა იზრუნოს, რომ საქართველომ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას განიხილავს მთავარ საგარეო გამოწვევად და როგორ აპირებს საგარეო მიმართულებით მუშაობას იმ შემთხვევაში, თუ მისი ხედვა მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკისგან განსხვავდება, მიხეილ სალუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფუნქციაა, საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გარანტიის მექანიზმი შესთავაზოს. 

“საქართველო უნდა გამოვიდეს ინიციატივით, რომ დაარსდეს საერთაშორისო რეგიონული ორგანიზაცია, „კავკასიის მშვიდობის სახლი“ და ასევე, რუსეთსა და ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრებს შორის ე.წ ბუფერული ზონა შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-მოლდოვა-უკრაინისა და ბელარუსიის სახელმწიფოების მონაწილეობით, რომლებიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისგან მიიღებენ გარანტიას, რომ მათი სამხედრო ნეიტრალიტეტი მათსავე ტერიტორიებზე უცხო ქვეყნის ჯარის ყოფნას არ დაუშვებს, რითაც რუსეთსაც მიზეზები გამოეცლება და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებიც მშვიდობიანად იგრძნობენ თავს”, – განაცხადა სალუაშვილმა.

მიხეილ სალუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის საპრეზიდენტო მმართველობას ემხრობა.

ამ განცხადებით მიხეილ სალუაშვილმა დებატში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, თემურ შაშიაშვილის შეკითხვას უპასუხა, უჭერს თუ არა მხარს, რომ საქართველო საპრეზიდენტო მმართველობას დაუბრუნდეს.