მიხეილ სალუაშვილი - რომ არა პირველი არხი, პრეზიდენტობის დაახლოებით 20-მდე კანდიდატისთვის კარი ყველგან ჩაკეტილია
მიხეილ სალუაშვილი - რომ არა პირველი არხი, პრეზიდენტობის დაახლოებით 20-მდე კანდიდატისთვის კარი ყველგან ჩაკეტილია

რომ არა პირველი არხი, ჩვენ, პრეზიდენტობის დაახლოებით 20-მდე კანდიდატი, ფაქტობრივად, ჩაკეტილი ვართ, რადგან კარი ყველგან ჩაკეტილია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„არჩევნების მთავარი პრინციპი ინფორმაციის თანაბრად მიტანის შესაძლებლობაა, ამ ვითარებაში კი, მოსახლეობას სთავაზობენ, მართალია, არჩევნებში 25 კანდიდატი მონაწილეობს, მაგრამ თქვენ მხოლოდ ხუთს ეცნობითო და კაცმა თავისი მოსაწონი კანდიდატი იმ 25-დან უნდა აარჩიოს?!“, – განაცხადა სალუაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა „კავკასიის მშვიდობიანი სახლის“ შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ ინიციატივით გამოდის, მას ამის მორალურ-ზნეობრივი უფლება უნდა ჰქონდეს, „კავკასიის მშვიდობიანი სახლის“ ჩამოყალიბებაში ჩვენი მორალურ-ზნეობრივი უფლება კი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალიზებადი, თუ საქართველო სამხედრო ნეიტრალიტეტის პოზიციას აიღებს.

„სამხედრო ნეიტრალიტეტის პოზიციის ცალსახა დეკლარირება არაფერს მოგვცემს. ამის გარანტორად გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი უნდა გამოვიდეს და ჩვენი ქვეყნის ნეიტრალიტეტის გარანტორი ისინი უნდა გახდნენ. ამაზე რატომ უნდა წავიდნენ?! იმიტომ, რომ თუ კავკასიურ დერეფანში სტაბილურობა არ იქნა, ეს დერეფანი ვერ ამოქმედდება“, – განაცხადა სალუაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისად, კავკასიის რეგიონში შემავალ ხუთივე სახელმწიფოს თავისი პოლიტიკური ინტერესები აქვს და ჩვენ მიერ ნეიტრალიტეტის კურსის აღების შემთხვევაში, რუსეთმა უნდა მიიღოს გარანტია, რომ თუ აქედან მისი ჯარები გავლენ, მის ადგილს სხვა ქვეყნის ჯარი არ დაიკავებს.