ლევან ჩხეიძე - პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაში პრობლემას ვერ ვხედავ, მეტიც, ამ ეტაპს განვიხილავ კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის გზად
ლევან ჩხეიძე - პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაში პრობლემას ვერ ვხედავ, მეტიც, ამ ეტაპს განვიხილავ კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის გზად

პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვაში პრობლემას ვერ ვხედავ, მეტიც, მსოფლმხედველობით კონსტიტუციური მონარქიის მომხრე ვარ და შესაბამისად, ამ ეტაპს განვიხილავ, როგორც საქართველოს კონსტიტუციურ მონარქიაზე გადასვლის ლოგიკურ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, ლევან ჩხეიძემ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“ განაცხადა.

„პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილება გააჩნია და ვფიქრობ, მისი უფლებამოსილების გაძლიერება საჭირო არ არის. უფლებამოსილების შეზღუდვა პირიქით, უკეთესიცაა, რადგან პრეზიდენტს უფრო დიდი პოლიტიკური მანევრის საშუალება აქვს, რომ ქმედებები განახორციელოს“, – განაცხადა ჩხეიძემ.

როგორც ჩხეიძემ აღნიშნა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში შეეცდება, პარლამენტში წარმოდგენილი, ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები ჩართოს საერთო ეროვნულ პროექტებში, რაც ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ძლიერების გაზრდასთან იქნება დაკავშირებული.

„გარდა ამისა, აქტიურად ვითანამშრომლებ დასავლურ ორგანიზაციებთან საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით და აქტიურად შევეცდები, რეგიონული თვალსაზრისით სამშვიდობო ინიციატივები გამოვიჩინო. კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის საქართველოში ნეიტრალური ტერიტორია შევთავაზო და ამ მოლაპარაკებებში საქართველო ნეიტრალური არბიტრის სახით წარმოვადგინო“, – განაცხადა ჩხეიძემ.

დებატებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატის, კახა კუკავას შეკითხვაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა ანტიდისკრიმინაციული კანონი, ან უნდა იქნას თუ არა ამოღებული ამ კანონიდან ტერმინი – სექსუალური ორიენტაცია, ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ ​ჰომოსექსუალობის ცნების მიმართ აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, უნდა შევეგუოთ, რომ ასეთი ადამიანები იბადებიან და საზოგადოებაში განსხვავებული ადამიანები არსებობენ.

„ანტიდისკრიმინაციული კანონი იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიწონოთ და მივიღოთ. ანტიდისკრიმინაციული კანონი ნიშნავს იმას, რომ დისკრიმინაციაა ადამიანის რამე ნიშნით გამოყოფა და მისთვის კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საყოველთაო ევროპული დეკლარაციით გარანტირებული უფლებების გამიზნული დარღვევა. ჩემთვის ძალიან ბევრი ჯგუფია მიუღებელი, იქნება ეს პოლიტიკური ჯგუფები, სექსუალური უმცირესობა, თუ რომელიღაც რელიგიური ჯგუფი, მაგრამ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ასეთი ნიშნით ადამიანების გამოყოფისა და მათი კონსტიტუციით გარანტირებული სამოქალაქო უფლებების დარღვევისა“, – განაცხადა ჩხეიძემ.

მისი თქმით, პრობლემა ის იყო, რომ როცა ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, საზოგადოებას არ აუხსნა, საუბარი რაზე იყო და ძალიან ბევრს ეგონა, რომ ეს კანონი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ნიშნავდა, მაგრამ ეს ასე არ არის.