მიხეილ სალუაშვილი - ჩემი პროგრამის ერთი ნაწილი არის სულიერების სფერო, მეორე კი პოლიტიკური
მიხეილ სალუაშვილი - ჩემი პროგრამის ერთი ნაწილი არის სულიერების სფერო, მეორე კი პოლიტიკური

ჩვენი მთავარი მიზანია, მოსახლეობას ვუთხრათ ის, რაც მათ უნდა იცოდნენ, – ამის შესახებ მთაწმინდის ოლქში „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„პირველი, მათ უნდა იცოდნენ, რომ დღეს ბოლო ჟამია, უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინარე დრო და რომ საქართველოს სულიერი მისია სწორედ ამ დროის დადასტურებაში მდგომარეობს“, – განაცხადა სალუაშვილმა.

როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მათი გზავნილი მიმართული იქნება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც სწამს საქართველოს სულიერი მისია.

„მინდა, დავიწყო მაცხოვრის სიტყვებით – ყველა ფარას თავისი მწყემსის ხმა ესმისო და ჩვენი ეს გზავნილი მიმართული იქნება მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, ვისაც სწამს საქართველოს სულიერი მისია. ჩვენი პროგრამა მთლიანობაში, ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი ნაწილი ეს არის სულიერების სფერო, მეორე კი ეს არის პოლიტიკური ნაწილი“, – განაცხადა სალუაშვილმა.

მისი თქმით, „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ საერთო ჯამში ოცზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივის მზა პროექტი აქვს, რაც ოცზე მეტ საკანონმდებლო ცვლილებას ითვალისწინებს, რაც ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებას ემსახურება.

„ამიტომ, საქართველოს მოსახლეობას, კერძოდ, მთაწმინდის მოსახლეობას ვთავაზობთ რა ამ პროგრამას, მათგან ვითხოვთ მანდატს, რომ თუ მათი ნება და სურვილი იქნება, მზად ვართ, საქართველოს პარლამენტს, როგორც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ამ პროგრამის განხორციელების კონკრეტული მექანიზმი შევთავაზოთ“, – განაცხადა მიხეილ სალუაშვილმა.

დატოვე კომენტარი