მიხეილ სალუაშვილი - გადასახედია პარტიების დაფინანსების მანკიერი წესი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს შემოიღო
გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის ირგვლივ გაერთიანებული ხუთი ცრუ კანდიდატი სახელმწიფო ბიუჯეტში ხელს აფათურებს და ორ მილიონ ლარს ითვისებს, რადგან თითოეულ კვალიფიციურ სუბიექტს 400 000 ლარამდე გამოეყოფა – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ სალუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.
„გადასახედია პარტიების დაფინანსების მანკიერი წესი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს შემოიღო და დღემდე მოქმედებს, რადგან 2008 წლიდან დღემდე, ბიუჯეტიდან 114 მილიონი ლარია გასული, რომლის 30-35% „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს აღებული“, – განაცხადა სალუაშვილმა.
მიხეილ სალუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დასახელებული კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე უკანონოდ დარეგისტრირებული პოლიტიკური მოთამაშეა, რადგან მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიას აქვს, რომელიც საარჩევნო რეგისტრაციის მატარებელია, „გირჩს“ კი ასეთი რეგისტრაციის პროცესი არ გაუვლია.
„აქედან გამომდინარე, 28 ოქტომბერს ჩასატარებელი საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს აჩვენებს, როგორი კანონდარღვევით მოდის დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი, მეორე და მესამე ფრთა“, – განაცხადა მიხეილ სალუაშვილმა.