მიხეილ რამიშვილი - დანაშაულის არანაირი ნიშანი არ არსებობდა, დავით ფურცხვანიძის დაკავება ემსახურებოდა ჩემზე ზეწოლას
მიხეილ რამიშვილი - დანაშაულის არანაირი ნიშანი არ არსებობდა, დავით ფურცხვანიძის დაკავება ემსახურებოდა ჩემზე ზეწოლას

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის დაკავება მასზე ზეწოლას და დაშინებას ემსახურებოდა. ამასთან, რამიშვილის თქმით, დანაშაულის არავითარი ნიშანი არ არსებობდა და ფურცხვანიძის დაკავების კიდევ ერთი მიზანი მისი (მიხეილ რამიშვილის) დისკრედიტაცია და ბაჩალიაშვილის საქმიდან ჩამოშორება იყო.

„მისი დაკავება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ჩემზე მომხდარიყო გარკვეული ფორმით ზეწოლა, რომ ჩემი დაშინება. ჩემი ინფორმაციით, მასზე ჩემს გასაგონად ხორციელდებოდა გარკვეული ფორმით ვითომ ზეწოლა, რომ ჩემზე გაჟღერებულიყო, თითქოს მე ვიყავი აღნიშნული სურათების შეკვეთის მიმცემი, ორგანიზატორი და ვითომ როგორც ყველას კარგად გვახსოვს პროკურატურის განცხადება, რომ ეს ყველაფერი იყო სიყალბე, მიდიოდა გამოძიება და ყველა იმ პირზე, ვინც იყო ჩართული, მათ შორის ერთ-ერთი სუბიექტი ვიყავი, იქნებოდა აღძრული საქმე და ყველა მიეცემოდა პასუხისგებაში. მიზანი იყო ჩემი დაშინება და ის, რომ ამ საქმეს ჩამოვშორებოდი. მე თავიდანვე ვამბობდი, არანაირი ნიშანი არ იყო დანაშაულის, ეს იყო ჩემი დისკრედიტაციისთვის გაკეთებული“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

აქვე, რამიშვილი აღნიშნავს, რომ არ იცის, რის საფუძველზე გათავისუფლდა დავით ფურცხვანიძე.

„რის საფუძველზე გაათავისუფლეს, არ ვიცი, რადგან პროკურატურა ამბობდა, რომ შეიძლება, ის მიმალულიყო გამოძიებას, როდის გამოუშვეს ან რის საფუძველზე, უცნობია. თუ ვიმსჯელებთ პროკურატურის ანალიზით, რომ ეს პერიოდი მე არ ვჩანდი, შეიძლება იფიქრეს, რომ ამან გარკვეულად იმოქმედა ჩემზე, ჩათვალეს, რომ აღარ ვაქტიურობდი, იფიქრეს, რომ შემეშინდა და ამან შედეგი გამოიღო. მაინც ვფიქრობ, ის, რაც გააკეთა პროკურატურამ მისი დაკავებით, იყო ერთ-ერთი ფორმა, რომ ჩემზე განხორციელებულიყო ზეწოლა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვინაიდან დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

შეგხსენებთ, საქმე ეხება მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილ სატელიტის ფოტოებს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით არის დამონტაჟებული და ყალბი. პროკურატურის ამ განცხადების შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განმარტა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.

გამოძიების ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძემ, პირადი მოტივით, მტკიცებულების ფალსიფიცირება მოახდინა, თითქოს მის მიერ წარმოდგენილი ფოტოები 18-დან 22 ივლისის ჩათვლით სოფელ მაწევანის იმ ტერიტორიას ასახავდა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა აღმოაჩინეს და აღნიშნულ ფოტოებზე ავტომანქანა იმ ტერიტორიაზე არ იდგა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ფოტომასალა ფურცხვანიძემ შვილს დაამონტაჟებინა.