ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა
ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ვინაიდან დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მასვე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე განმარტებით, დავით ფურცხვანიძის საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს და არსებითი განხილვის სხდომა 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძემ, პირადი მოტივით, მტკიცებულების ფალსიფიცირება მოახდინა, თითქოს მის მიერ წარმოდგენილი ფოტოები 18-დან 22 ივლისის ჩათვლით სოფელ მაწევანის იმ ტერიტორიას ასახავდა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა აღმოაჩინეს და აღნიშნულ ფოტოებზე ავტომანქანა იმ ტერიტორიაზე არ იდგა. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ფოტომასალა ფურცხვანიძემ შვილს დაამონტაჟებინა.