მიხეილ კორძახია - შემოწმება არაერთხელ მოხდა, მაგრამ ტრაგიკული შემთხვევები რამდენიმე სფეროში, გამოკვეთილ კომპანიებში ყოველწლიურად გვაქვს
ერთი წლის განმავლობაში კონტროლის მექანიზმები არსებობდა და სახელმწიფო უწყებების მიერ შემოწმება არაერთხელ მოხდა, მაგრამ ფაქტია, ტრაგიკული შემთხვევები რამდენიმე სფეროში, გამოკვეთილ კომპანიებში ყოველწლიურად გვაქვს, – ამის შესახებ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ კორძახიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ანუ, რეალურად, ბრალეულობის საკითხის მიუხედავად, ამ ნაწილში მოცემულობა არ გვეცვლება. ამიტომ, ამ საკითხს გლობალურად უნდა შევხედოთ. სავარაუდოდ, ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ რეგიონებში, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანები სარისკო სამუშაოებზე ისევ, ფაქტობრივად, უბედური შემთხვევის მეორე დღიდანვე მიდიან, რადგან ალტერნატივა არ აქვთ“, – განაცხადა კორძახიამ.
მისი თქმით, საწარმოო პროცესში უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად ალტერნატიული გზები უნდა მოიძებნოს.
„ერთობლივად უნდა მოხდეს რისკების განსაზღვრა. ამა თუ იმ მხარის ძალისხმევიდან გამომდინარე, თუ უბედური შეთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია, რა თქმა უნდა, კანონის აღსრულების მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ თუ ეს იდეაშივე შეუძლებელია, მაშინ ამა თუ იმ სამუშაოებთან დაკავშირებით სხვა ალტერნატივები უნდა შევქმნათ“, – განაცხადა კორძახიამ.
როგორც „დამსაქმებელთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, უბედური შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა და პრობლემის გადაჭრას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.