მიხეილ კალანდიამ მთავარი საგამოძიებო უწყება დატოვა.
პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, კალანდიას კომენტარი არ გაუკეთებია. მცირე განმარტება მისმა ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა გააკეთა.
მისი განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმიდან ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან იმყოფებოდნენ, თუმცა გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე, ადვოკატი არ აკონკრეტებს, რომელი საქმეზეა საუბარი.
„ერთ-ერთ გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მოხდა დღეს ჩვენი დაბარება. სასამართლოში მისი სამომავლო დაკითხვის წესებისა და პროცედურების გავლასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის ირგვლივ იყო დღეს ჩვენი დაბარება. ერთ -ერთ გამოყოფილ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა კონკრეტულად რომელი, ვერ დავაკონკრეტებ გაუთქმელობის ხელწერილის ვალდებულებიდან გამომდინარე. მხოლოდ დაკითხვის პროცედურებზე იყო საუბარი“, – განაცხადა ანა კოტეტიშვილმა.
კითხვაზე, როდის მოხდება მიხეილ კალანდიას დაკითხვა, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი, თუმცა უფრო კონკრეტულად ვერ ისაუბრებდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოყოფილ საქმეზე შსს-ში არასრულწლოვანთა გამოკითხვა გრძელდება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 11 არასრულწლოვანი გამოიკითხა.