საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონს შეხვდება. მოლაპარაკებები მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, შეხვედრა ტილერსონის ბელგიის დედაქალაქში ვიზიტისას შედგება და მისი მიზანი იმ ფაქტის ხაზგასმაა, რომ ვაშინგტონი ერთგულია და მხარს უჭერს საქართველოს NATO-თან თანამშრომლობის გაღრმავებას.
4-8 დეკემბერს რექს ტილერსონი ბრიუსელს, ვენასა და პარიზს ეწვევა. ბრიუსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის “ღია კარის” პოლიტიკა და ასპირანტ ქვეყნებთან თანამშრომლობა იქნება.
როგორც თურქული მედია იუწყება, 5-6 დეკემბერს NATO-ს შტაბბინაში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუსაც შეხვდება.
მოლაპარაკებები NATO-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებშია დაგეგმილი.